ავტოსპორტი

2:00 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ რიკარდოს ემშვიდობება

„მაკლარენს“ მომავალი სეზონისთვის, ორივე პილოტთან კონტრაქტი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს მაინც მოუწევს უოკინგელთა გუნდის დატოვება. მის ადგილს კი ასევე ავსტრალიელი, ფორმულა 2-ის ჩემპიონი ოსკარ პიასტრი დაიკავებს.

მას შემდეგ, რაც პიასტრიმ უარი თქვა „ალპინიდან“ წასული ფერნანდო ალონსოს ადგილის დაკავებაზე, ყველა მიხვდა, რომ მას თავისი მომავალი „მაკლარენთან“ აქვს დაკავშირებული. თავიდან გუნდმაც და ახალგაზრდა პილოტმაც ეს ამბავი დამალეს. მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე სწორედ აქეთ მიდის.

„მაკლარენი“ რიკარდოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს კონტრაქტის გაწყვეტაზე. გუნდმა პილოტს ფორმულა E-ში გადასვლაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. რიკარდოსთვის მთავარია, კონტრაქტის სოლიდური გამოსასყიდი მიიღოს. მერე კი ის „ალპინს“ დაუბრუნდება, რომელიც სწორედ „მაკლარენში“ გადასვლისას დატოვა.

ფრანგულ გუნდს, რომელიც „რენოს“ ეკუთვნის, პიასტრის შენარჩუნება სურდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.

იმისათვის, რომ პიასტრის „მაკლარენისკენ“ გზა გაეხსნას, მისი და „ალპინის“ დავა უნდა განიხილოს საკონტრაქტო დავების გადაჭრის საბჭომ. მაგრამ მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ გუნდს დავის მოგების შანსი არ აქვს.

პიასტრის მენეჯერია ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი მარკ ვებერი, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს „მაკლარენის“ შეფ ანდრეას ზაიდლთან. ავსტრალიელი „პორშეს“ WEC პროგრამის პილოტი მაშინ იყო, როდესაც გერმანული კომპანიის გუნდს სწორედ ზაიდლი უძღვებოდა.

0.114571