მძიმე წონაში WBC-ს ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური თავს იკლავს, წავედი და დამბრუნებელი არ ვარო. რამდენჯერმე დაბრუნების პირობებიც დაასახელა, რომლებიც შეუსრულებელია. მაგრამ ახლახანს გაირკვა, რომ ის მოლაპარაკებას ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან აწარმოებს.
ეს ინფორმაცია გამოცემა „ინდეპენდენტმა“ გაავრცელა. როგორც ირკვევა, ჩისორას პრომოუტერ ედი ჰერნს ფიურის გუნდი დაუკავშირდა და დეკემბერში შეხვედრა შესთავაზა. ჩისორას გუნდი ადასტურებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება საწყის ეტაპზეა.
33 წლის ფიური ჩისორას, ვინც ახლა 38 წლისაა, ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დაამარცხა. პირველი ბრძოლა 2011 წელს შედგა და მაშინ ფიურიმ ქულებით (მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით) გაიმარჯვა. რემატჩი 2014 წელს გაიმართა და ჩისორამ 10 რაუნდის შემდეგ ბრძოლა შეწყვიტა.
ფიურის პროფესიონალურ კრივში 33 ბრძოლა აქვს გამრთული და ყველა მოიგო, მათგან 23 ნოკაუტით. ის ბოლოს ბრიტანელ დილიან უაითს შეხვდა და ნოკაუტით მოუგო. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს.
ჩისორასაც კარიერაში 33 მოგება (23 ნოკაუტი) აქვს, მაგრამ ამასთან, 12-ჯერ რინგი წაგებულს დაუტოვებია. ბოლოს ივლისში ბულგარელ კუბრატ პულევს ქულებით (არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით) მოუგო.
კრივის მოყვარულებს ყველაზე მეტად, ფიურის და ენტონი ჯოშუასა და ოლეკსანდრ უსიკს შორის გამარჯვებულს შორის შეხვედრა აინტერესებთ. უკრაინელმა ბრიტანელი სექტემბერში ქულებით დაამარცხა. ისინი რემატჩს 20 აგვისტოს გამართავენ. ცნობილია, რომ ამ ბრძოლის შედეგის მიუხედავად, ჯოშუა მომდევნო ბრძოლის გამართვას დეკემბერში გეგმავს.