"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს მომავალზე მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რაც როგორც ჩანს, 37 წლის სუპერვარსკვლავს არც თუ ისე სიამოვნებს.
რონალდომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მას "მანჩესტერიდან" წასვლა გადაწყვეტილი აქვს, კომენტარი დაწერა და ჟურნალისტები გააკრიტიკა.
„შეუძლებელია ჩემზე ერთი დღე მაინც არ ისაუბრონ, თორემ მედია ფულს ვერ გამოიმუშავებდა. ტყუილს თუ არ იტყვიან, ხალხის ყურადღებას ვერ მიიპყრობენ, ასე გააგრძელეთ, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს სწორი ინფორმაცია გაავრცელოთ“, - დაწერა კრიშტიანომ პოსტის კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან კლუბის ავსტრალიური ტურნე ოჯახური მიზეზებით გამოტოვა, მიმდინარე ზაფხულს კი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ნაპოლის".