ფეხბურთი

23:06 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ნოზაძე: "მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ"

თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, პირველი შეხვედრის მოგება არაფერს ცვლის და გუნდი რთული თამაშისთვის მზადაა.

„ხვალ ძალიან რთულ თამაშს ველოდებით და ჩვენთვის პირველი მატჩიც რთული იყო. ძალიან კარგი მეტოქე გვყავს, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და კარგად შეუძლია თამაში, თუმცა, პირველ შეხვედრაში ჩვენც დავამტკიცეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. პირველი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ხვალ შეხვედრა 0:0-დან დაიწყება, ვეცდებით, რომ ჩვენი შანსები გამოვიყენოთ და ყველაფერს გააკეთებენ ფეხბურთელები იმისთვის, რომ კარგი თამაში აჩვენონ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მწვრთნელი ახლა შეიცვალა, იმიტომ, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. არის შემთხვევები, როცა ახალი მწვრთნელის ხელში გუნდი უკეთ თამაშობს, ან პირიქით, ამიტომ, ამით ვერ განვსაზღვრავთ ხვალ რა მოხდება.

ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ბევრი მაყურებელი იქნება სტადიონზე. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ გავიდნენ მოედანზე და ჩვენი ქომაგები გაახარონ.

რამდენიმე თამაში ვნახეთ და გეთანხმებით, „სტიაუამ“ მაღალ დონეზე ვერ ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრად კარგად თამაში შეუძლია და ხვალ რთულ თამაშს ველოდებით. თუმცა, ვეცდებით, რომ უფრო კარგად ვითამაშოთ ჩვენთვის მისაღები შედეგის მისაღწევად. ალბათ წყვილში ფავორიტი ისევ „სტიაუაა“, თუმცა ფავორიტობა არ ნიშნავს წინასწარ გამარჯვებას და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად“, - განაცხადა ნოზაძემ.

პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად „საბურთალოს“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე იყო:

„სასიამოვნოა, როდესაც ასეთ გუნდს ხვდები. მართალია, პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და ხვალ ურთულესი თამაში გველოდება, რაც თითოეულ ფეხბურთელს გააზრებული აქვს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, ყველანაირად, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. რუმინეთის ჩემპიონატი და გუნდები ალბათ უფრო მაღალი დონისაა, მაგრამ ხვალინდელი თამაშისთვის ეს არაფერს ნიშნავს“, - თქვა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ პირველი მატჩი თბილისში 1:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

0.114956