ტადეი პოგაჩარმა წელს ტურ დე ფრანსის ტიტული დათმო. და ამის გამო, სეზონზე თავისი გეგმებიც შეცვალა. მან განაცხადა, რომ არ იასპარეზებს ველომარათონ ვუელტა ისპანიაზე და ყურადღებას ერთდღიან რბოლებზე გადაიტანს.
პირველი კლასიკური რბოლა, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს, კლასიკა სან სებასტიანაა, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება.
პოგაჩარი ახლახანს დასრულებულ ფრანგულ ველომარათონზე, დანიელ იონას ვინგეგაარდთან დამარცხდა, ვინც ორი სამთო ეტაპის მოგება შეძლო და შემდეგ, სლოვენიელ მეტოქეს გასწრების მცირე შანსიც არ მისცა.
„UAE ემირატსის“ მენეჯერი იოქსეან ფერნანდეს მაქსინი ამბობს, რომ მისი გუნდი თავიდან პოგაჩარის ვუელტაზე გამოყვანას გეგმავდა. მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ, ეს გეგმა შეიცვალა.
„პოგაჩარი ამ უქმეებზე ბასკეთში, სან სებასტიანის კლასიკურ რბოლაში გამოვა, მერე კი ცოტას დაისვენებს და რამდენიმე ერთდღიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას“, - აცხადებს „UAE ემირატსი“. გუნდისვე განცხადებით, პოგაჩარი UCI-ს საგზაო მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობას გეგმავს, რომელიც სექტემბერში ავსტრალიში გაიმართება. შემდეგ კი ლომბარდიის კლასიკურზე გამოვა.
რაც შეეხება ვუელტას, ის სტარტს უტრეხტში, 19 აგვისტოს აიღებს.