სხვა

23:58 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

არმანდ დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა

შვედმა არმანდ დუპლანტისმა, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, მსოფლიო რეკორდით გაახარა მძლეოსნობის მოყვარულები. ჭოკით ხტომის ვარსკვლავმა 6.21 მეტრზე გადახტომა შეძლო და ამით დააგვირგვინა იუჯინში თავისი გამოსვლა. მან ჯერ კიდევ 6.00 მეტრზე გადახტომით გაინაღდა ოქროს მედალი, შემდეგ კი რეკორდს მიხედა.

წინა რეკორდი - 5.20 მეტრი თავადვე, ბელგრადში გამართულ დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე, წელსვე დაამყარა. ახალი რეკორდული ნახტომი კი მეორე ცდაზევე შეასრულა. 22 წლის შვედი ათლეტი პირველი ჭოკით მხტომელია, ვისაც ოლიმპიური, მსოფლიოს და მსოფლიოს დახურული არენების ოქროს მედლები, ასევე იუნიორთა და მოზარდთა შორის მსოფლიო ჩემპიონის და ევროპის ჩემპიონის ტიტულები აქვს მოპოვებული.

„სიმართლე გითხრათ, დღეს მსოფლიო რეკორდზე ბევრი არ მიფიქრია. მთავარი ჩემპიონატში გამარჯვება იყო. ოქროს მოპოვება ძალიან მინდოდა. ეს იყო ერთადერთი მედალი, რომელიც მაკლდა. როდსაც მაღლა ავფრინდი, მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი გამომივიდა“, - განაცხადა დუპლანტისმა.

დუპლანტისს 5.87 მეტრზე გადასახტომად ორი ცდა დასჭირდა. მერე კი იოლად გადაახტა 6.00 და 6.06 მეტრზე დადებულ თამასას. მეორე სიმაღლით, მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი (6.05 მეტრი) გააუმჯობესა, რომელიც დმიტრი მარკოვს ედმონტონში 2001 წელს ჰქონდა დაფიქსირებული.

ამის შემდეგ, შვედმა თამასა 6.21 მეტრამდე ააწევინა. პირველ ცდაზე, მას ოდნავ შეეხო და ჩამოაგდო. მეორეზე კი უნაკლო ნახტომი შეასრულა. ამგვარად, დუპლანტისმა ამ სეზონში რეკორდი მეორედ, კარიერაში კი მეხუთედ დაამყარა. პირველი 2020 წლის თებერვალში შეძლო, როდესაც 6.17 მეტრზე გადახტა და ფრანგი რენო ლავილენიეს რეკორდი (6.16 მეტრი) გააუმჯობესა.

იუჯინში ვერცხლის მედალი ამერიკელმა კრის ნილსენმა მოიპოვა, ვინც 5.94 მეტრზე გადახტა. იგივე სიმაღლე ფილიპინელმა ერნესტ ჯონ ობიენამაც დაძლია, მაგრამ უფრო ადრინდლი ნახტომის გამო, უპირატესობა ამერიკელს ერგო, ობიენა კი ბრინჯაოს დასჯერდა. სხვათა შორის, ეს ფილიპინლი მძლეოსნობის ისტორიაში, პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატებზე.

0.10334