სხვა

0:40 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იონას ვინგეგაარდმა ტურ დე ფრანსი მოიგო

დასრულდა ტურ დე ფრანსი და როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ჩემპიონი გახდა ჰოლანდიურ გუნდ „ჯუმბო-ვისმას“ დანიელი იონას ვინგეგაარდი. მან კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან ჩამოაქვეითა ტურის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი, ვისთანაც გასულ სეზონში დამარცხდა.

ვინგეგაარდი ახლა 25 წლისაა. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ, ის დილაობით თევზის შესაფუთ ფაბრიკაში მუშაობდა, საღამობით კი ველოსპორტში ვარჯიშობდა. თავდადაბულმა გარჯამ, დადებითი შედეგი შარშან მოუტანა, როცა ტური მეორე ადგილზე დაასრულა.

ბოლო ეტაპი, როგორც წესია, მან (როგორც გამარჯვებულმა) პელოტონთან ერთად, აღლუმის რეჟიმში დაასრულა. თუმცა სპრინტი მინც გაიმართა და ის ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა მოიგო. მან უკან მოიტოვა ჰოლანდიელი დილან გრონევეგენი და ნორვეგიელი ალექსანდერ კრისტოფი, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ვინგეგაარდმა ორი სამთო ეტაპის მოგებით გაინაღდა ჩემპიონობა. ჯერ მე-10 ეტაპი მოიგო, რომელზეც სლოვენიელ თანაგუნდელ პრიმოჟ როგლიჩთან ერთად, სისხლი გაუშრო პოგაჩარს. აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა, ამის შემდეგ არაერთხელ სცადა ყვითელი მაისურის დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ ერთი, სამთო ეტაპის მოგება შეძლო. მომდევნოზე კი დანიელმა გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წლევანდელ ტურზე ის იყო მეფე.

ყველაფერთან ერთად, ვინგეგაარდმა კოპლებიანი მაისურიც მოიგო, როგორც მთის საუკეთესო მრბოლმა. სპრინტის ჩათვლის მწვანე მაისური „ჯუმბო-ვისმას“ ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა დაისაკუთრა. თეთრი მაისური კი, როგორც 25 წლამდე მრბოლებში საუკეთესომ, პოგაჩარმა მიიღო.

ტური მესამე ადგილზე დაასრულა გერეინ თომასმა, ვისაც ეს რბოლა 2018 წელს აქვს მოგებული. ის ჩემპიონს 7 წუთით და 22 წამით ჩამორჩა.

1996 წლის შემდეგ, ვინგეგაარდი პირველი დანიელია, ვინც ტურის მოგება შეძლო. 26 წლის წინათ, ფრანგულ ველომარათონზე გამარჯვება ბიარნე რიისმა მოიპოვა. მან მოგვიანებით აღიარა, რომ სტიმულატორებს იყენებდა, მაგრამ ჩემპიონბა არ ჩამოართვეს. სამაგიეროდ, 2007 წელს შერისხეს მიქაელ რასმუსენი, ვინც რბოლიდან მაშინ მოხსნეს, როდესაც ყვითელ მაისურში იყო შემოსილი. ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მან თავისი სავარჯიშო ადგილმდებარეობის შესახებ, მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

0.135614