ავტოსპორტი

23:21 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი პოლ რიკარზე რბოლას პოულიდან დაიწყებს

შარლ ლეკლერმა კიდევ ერთი პოულ პოზიცია მოიპოვა. ამჯერად საფრანგეთის დიდი პრიზის რბოლისთვის. მან კარგად ისარგებლა თანაგუნდელ კარლოს საინსის დახმარებით და უკან მოიტოვა ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი. ლეკლერისთვის ეს ამ სეზონში მეშვიდე პოულია.

საინსს ძრავის შეცვლასთან დაკავშირებული ჯარიმების გამო, სტარტზე ბოლო პოზიციაზე დადგომა გარანტირებული აქვს. მაგრამ ის გამოვიდა კვალიფიკაციაზე, რათა გადამწყვეტ მომენტში, ლეკლერისთვის სლიპ სტრიმის შესაძლებლობა შეექმნა. სწორედ ამით ისარგებლა მონაკოელმა, ვინც ფერსტაპენს 0.304 წამით აჯობა.

„დიდებული წრე იყო. მთელი უქმეების განმავლობაში, უნაკლო წრის აწყობა მიჭირდა, მაგრამ ყველაზე საჭირო მომენტში ეს შევძელი. გარდა ამისა, კარლოსისგან დახმარება მივიღე. ეს საოცარი გუნდური მუშაობა იყო. კარლოსის გარეშე, სხვაობა გაცილებით მცირე იქნებოდა. ჰოდა, დიდი მადლობა კარლოსს. იმედი მაქვს, ის რბოლის მეორე ნაწილში, გამარჯვებისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდება“, - განაცხადა ლეკლერმა, ვინც 11 რბოლის შემდეგ, ფერსტაპენთან 38 ქულას აგებს.

სერხიო პერესი რბოლას მესამე პოზიციიდან დაიწყებს. მის უკან კი ლუის ჰამილტონი დადგება, ვისთვისაც ეს კარიერაში მე-300 რბოლა იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ, რაც ფორმულა 1 ლე კასტელეს ტრეკს დაუბრუნდა, იქ რბოლებს მხოლოდ პოულიდან იგებენ.

საფრანგეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'30.872
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.304
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.463
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.893
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.160
  6. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.259
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.680
  8. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.908
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 2.050
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2.176
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.180
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.404
  13. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.435
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.567
  15. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.567
  16. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.802
  17. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.829
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.922
  19. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) -
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) -
0.128141