სხვა

15:20 | 23.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიდნი მაკლაფლინმა მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა

მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ის ქალაქ იუჯინში მიმდინარეობს, ქალთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში, ამერიკელმა სიდნი მაკლაფლინმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალს დაეუფლა. მისმა თანამემამულე მაიკლ ნორმანმა 400 მეტრზე სპრინტი მოიგო, ამავე დისტანციაზე ქალთა შორის კი ჩემპიონი ბაჰამელი შონაი მილერ-უიბო გახდა.

მაკლაფლინმა დისტანცია 50.68 წამში გაირბინა და მიმდინარე ჩემპიონატზე მსოფლიოს პირველი რეკორდი დაამყარა. ვერცხლის მედალი ჰოლანდიელმა ფემკე ბოლმა მოიპოვა, ბრინჯაოს კი ამერიკელი დალილა მუჰამადი დასჯერდა, ვინც იუჯინში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზა.

22 წლის მაკლაფლინმა 0.73 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც თავადვე, ჰეივორდ ფილდზევე, ერთი თვით ადრე დაამყარა. ის პირველი ქალი მორბენალია, ვინც ეს დისტანცია 51 წამზე ნაკლებში გაირბინა. ცნობისათვის, ბოლო სამ წელიწადში ამ სახეობაში მსოფლიო რეკორდი ექვსჯერ გაუმჯობესდა. არადა მანამდე, რუსი იულია პეჩონკინას რეკორდმა 16 წელი გაძლო. სხვათა შორის, შარშან ივნისში რეკორდი მუჰამადმაც დაამყარა.

მილერ-უიბომ 400 მეტრზე სპრინტი 49.11 წამში დაასრულა და პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ცნობისათვის, ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2016 და 2021). მან დისტანციის ბოლო მონაკვეთზე ტემპიც კი დააგდო, თუმცა მაინც დაახლოებით ნახევარი წამით აჯობა დომინიკელ მერილეიდი პაულინოს, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზეც ვერცხლს დასჯერდა და იქაც მილერ-უიბოსთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედალი კი ბარბადოსელმა სადა უილიამსმა მოიპოვა. კარიბის კუნძულების სამივე წარმომადგენელმა ფინიშს 50 წამზე ნაკლებში მიაღწია.

მამაკაცთა შორის იმავე დისტანციაზე, ბადალი არ ჰყავდა ნორმანს, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა და იქვე, 4X400 მეტრზე ესტაფეტაში გახდა ჩემპიონი. ამერიკელმა ფინიშის ხაზი 44.29 წამში გადაკვეთა და 0.19 წამით აჯობა გრენადელ კირანი ჯეიმსს, ვინც ვერცხლის მედალი მოიპოვა. მესამე ადგილი კი ბრიტანელმა მეტიუ ჰადსონ-სმითმა დაიკავა.

საინტერესოა, რომ 400 მეტრზე სპრინტში მხოლოდ სამი მორბენალია, ვინც პირველი ასი მეტრი 10 წამზე ნაკლებში გაირბინა, პირველ 200 მეტრს 20 წამზე ნაკლები მოანდომა და სრული დისტანცია 44 პლუს წამში გაირბინა. ამ სამეულში არიან ნორმანი, 100 მეტრზე სპრინტში მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკელი ფრედ კერლი და სამხრეთაფრიკელი უეიდ ვან ნიკერკი, ვინც მსოფლიო რეკორდსმენია, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო, იუჯინის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მომზადება ვერ მოასწრო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ქალთა შორის შუბის ტყორცნაში, ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ავსტრალიელმა კელსი-ლი ბარბერმა, ვინც შუბი 66.91 მეტრზე გასტყორცნა. ეს შედეგი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. მას თითქმის სამი მეტრით ჩამორჩა მეორეზე გასული ამერიკელი კარა ვინგერი, ბრინჯაო კი იაპონელმა ჰარუკა კიტაგუჩიმ მოიპოვა.

0.129164