ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ფეხბურთში ტრანსფერებია და არც ამჯერადაა გამონაკლისი. თუმცა, არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც კლუბში გადასვლა მაშინაც შეუძლიათ, როცა სატრანსფერო ფანჯარა ღია არაა.
ასეთი ფეხბურთელები თავისუფალი აგენტები არიან. წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, პოზიციით შემტევებს (შემტევი ნახევარმცველი ან თავდამსხმელი) რომლებიც ამ დროისთვის თავისუფალი აგენტები არიან და ნებისმიერ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება უფასოდ შეუძლიათ.
ანდრეა ბელოტი
იტალიელმა „ტორინო“ 7 წლის შემდეგ დატოვა და ჯერ უკლუბოდაა. ევროპის ჩემპიონს ბოლო პერიოდში „მონცას“ და „მონაკოს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა სცენაზე „დორტმუნდიც“ გამოჩნდა, რომელიც სებასტიან ალეს შემცვლელს ეძებს.
დრის მერტენსი
„ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გუნდს ეძებს. 35 წლის ბელგიელი შესაძლოა ნეაპოლურ კლუბში დაბრუნდეს, ყოველშემთხვევაში იტალიური გამოცემები ამის შესახებ აქტიურად წერენ.
ადნან იანუზაი
„მანჩესტერის“ აკადემიაში აღზრდილი ბელგიელიც თავისუფალი აგენტია. ის ბოლოს „სოსიედადში“ თამაშობდა, მაგრამ ბასკებმა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს და ისიც ახალი გუნდის მოლოდინშია.
კრისტიან ტელო
„ბარსელონას“ ყოფილმა შემტევმა სევილიის „ბეტისი“ დატოვა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 31 წლის ფეხბურთელი.
დიეგო კოშტა
ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, ბოლოს „ატლეტიკო მინეიროში“ ირჯებოდა, თუმცა, ამჟამად თავისუფალი აგენტია. ის რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის, იტალიურ „სალერნიტანას“.
ფელიპე კაისედო
კაისედო ბოლოს „ინტერში“ იყო, მაგრამ მილანურ კლუბში მას არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ეკვადორელს გამორჩეული პერიოდი „ლაციოში“ ჰქონდა, ახლა კი უკლუბოდ იმყოფება.
ისკო
ისკო ალარკონმა 9-წლიანი კარიერის შემდეგ მადრიდის „რეალი“ დატოვა და მიუხედავად იმისა,რ ომ არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის, „სევილიასა“ და „რომას“, ჯერჯერობით კლუბის გარეშეა.
კეიტა ბალდე
სენეგალის ნაკრების შემტევი ბოლოს „კალიარიში“ იყო, რომელიც ქვედა ლიგაში გავარდა. 27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა და სარდინია დატოვა. სად ითამაშებს კეიტა, ამ ეტაპზე უცნობია.
ედინსონ კავანი
„ელ მატადორმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და ჯერ არ აურჩევია კლუბი, სადაც ითამაშებს. კავანის რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.
ლუის სუარესი
კიდევ ერთი ლეგენდარული ურუგვაელი, რომელიც უკლუბოდაა. „ელ პისტოლერომ“ „ატლეტიკო“ დატოვა და „რივერ პლეიტს“ უარი უთხრა. ის „მილანსა“ და „მონცას“ დაუკავშირეს, მაგრამ ბოლო ცნობებით, მან მშობლიურ „ნასიონალში“ დაბრუნება გადაწყვიტა.