ჯერ ერთი წელი არ გასულა, რაც ნორა ჯერუტომ კენიის პასპორტი ყაზახურზე გაცვალა და უკვე თავის ახალ ქვეყანას, მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოუპოვა. მან ქალთა შორის 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზში (ბარიერებით) გაიმარჯვა.
უფრო მეტიც, ჯერუტომ გარბენი 8 წუთსა და 53.02 წამში დაასრულა, ეს კი მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდული და ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილი ეთიოპიელმა ვერკუჰა გეტაჩევმა დაიკავა, ვინც თავისი ქვეყნის რეკორდიც გააუმჯობესა. მესამეზეც ეთიოპიელი მორბენალი, მეკიდეს აბებე გავიდა.
„სტარტზე ჩემი ეთიოპიელი მეგობრების შიში მქონდა. ისინიც ჩემსავით ჩემპიონები არიან და ამიტომ. მე ყველაფერი ვიღონე მოსაგებად და ეს იოლი არ იყო“, - განაცხადა ჩემპიონმა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში. ჩინელმა ფენ ბინმა პირველივე ცდაზე ბადრო 69.12 მეტრზე გაისროლა, რაც მის კარიერაში საუკეთესო ტყორცნა იყო. მალე გაირკვა, რომ მან პირველივე ცდაზე მოიპოვა ოქროს მედალი. მეორე ადგილი ხორვატმა სანდრა პერკოვიჩმა დაიკავა. მესამეზე კი ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ვალერი ალმანი გავიდა.
მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, კუბელი იაიმე პერესი. აღსანიშნავია, რომ ფენი ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-17 ადგილზე გავიდა და როგორც თავადვე განაცხადა, იუჯინში ჩემპიონობას თავადვე არ ელოდა.
ტრავმა მიიღო 200 მეტრზე სპრინტის ამერიკელმა ფავორიტმა ფრედ კერლიმ, ვინც ასევე 4x100 მეტრზე ესტაფეტაშიც უნდა გამოსულიყო.