საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯებს. სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგება. ქრაისთჩერჩში ნიკა მთავარი მსაჯი იქნება. ამაშუკელი ზელანდიაში დარჩება და 3 სექტემბერს “ოლ ბლექსისა“ და „პუმების“ მეორე მატჩში, ჰემილტონში, უკვე გვერდით მსაჯად იმუშავებს.
ზაფხულის სერიებზე, 2 და 16 ივლისს ქართველმა რეფერიმ სამხრეთ აფრიკაში „ბოკესა“ და უელსის ორი თამაში იმსაჯა – პირველი მთავარი და მეორე გვერდითი მსაჯის რანგში.
„ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი 3 კვირა იყო. რაგბის მხრივ სამხრეთ აფრიკა მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა. ორი სარაგბო ერის – სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეული იყო, არის და იქნება. ორივე ქვეყანას რაგბის მიმართ დიდი ვნება აქვს, გულშემატკივრები რაგბით ცხოვრობენ. ჩემთვის დიდი პატივია ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა“.
„რაც შეეხება სერიებს, მძიმე თამაშები გამოდგა. კოვიდ-პანდემიის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მოედანი პირველად იყო გადაჭედილი. ტრიბუნებზე 53 ათასი მაყურებელი იჯდა და ხმაურიანი, ემოციური საღამო გამოვიდა. წინდაწინ ვიცოდი, რომ მოთამაშეებს მოედანზე ბევრი რამის გარკვევა მოუნდებოდათ და დაძაბულობაც ბოლო წუთამდე შენარჩუნდა“ – იხსენებს ამაშუკელი 2 ივლისის თამაშს, რომელშიც სამხრეთ აფრიკამ გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით 32:29 იმარჯვა.
თამაშს და კონკრეტულად ნიკას გადაწყვეტილებებს დიდი ვნებათაღელვა მოყვა, განსაკუთრებით უელსის ქომაგებში, თუმცა მსოფლიო რაგბმა ქართველი რეფერის პერფორმანსს კარგი შეფასება მისცა:
„მსოფლიო რაგბი ძლიერი ხედვით გამოირჩევა – თუ გუნდი არღვევს წესს, მსაჯი არ უნდა დაიმალოს; თუ ბარათია მისაცემი, უნდა მისცეს და თუ მატჩის ბედის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებაა მისაღები, უნდა მიიღოს. სწორედ ეს მოხდა ამ შემთხვევაში. უელსელებმა ძალიან მაგრად იომეს, მაგრამ მიიღეს ჯარიმები, რომლებმაც თამაშის ბედზე იმოქმედა. ეს იყო სწორი ქმედებები ჩემის მხრიდან. გასაგებია რომ მაყურებელს ეს არ მოსწონს, მაგრამ ჩემი საქმიანობა სწორედ ესაა. უკვე ისეთ დონეზე ვმსაჯობ, ყველა მიკროსკოპით აკვირდება ჩემს ქმედებას. რაც მთავარია, მსოფლიო რაგბისგან ძალიან კარგი შეფასება მივიღე. მათ მოეწონათ ჩემი მსაჯობის სტილი, პასუხისმგებლობები რაც ჩემს თავზე ავიღე და ამას მოყვა შემდეგი მაღალი დონის დანიშვნა, ახლა უკვე ოთხ ერზე“.
„რა თქმა უნდა უშეცდომო თამაში არ არსებობს, მით უმეტეს, როდესაც მოვლენები ასე სწრაფად ვითარდება. რა თქმა უნდა შეიძლებოდა რაღაც გადაწყვეტილებების უკეთ მიღება, მაგრამ ასეთი თამაშის მსაჯობას თან ახლავს უდიდესი წნეხი. მოედანზე ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ტელეეკრანებთან არ ჩანს. ყველა გადაწყვეტილებას თან ახლავს თანმდევი პროცესი, რომლებთან მიმართებაში მსოფლიო რაგბისგან კონკრეტულ დირექტივებს ვიღებთ. ამიტომ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ წნეხს თავი გავართვი და მთავარი პრინციპები კარგად იყო დაცული“.
„რაც შეეხება უელსელთა უკმაყოფილებას, მქონდა მათ მწვრთნელთან და მოთამაშეებთან შეხვედრა და ერთმანეთს ძალიან კარგად დავშორდით. გავცვალეთ მოსაზრებები, გვქონდა ეპიზოდების განხილვა. მთლიანობაში, ეს იყო უდიდესი გამოცდილება. თითოეული ასეთი თამაში გაძლევს არსენალს, რომელიც რთულ მომენტებში, შემდეგ თამაშებში გეხმარება“.
შემდეგი თამაში კი ოთხი ერისაა, სადაც ქართველი რეფერის დებიუტი შედგება და უკვე მერამდენედ, ის გახდება ტიერ2-ის სარაგბო ქვეყნის პირველი მსაჯი, რომელიც ამ ტურნირზე იმსაჯებს.
„მოედნის მიღმა საკმაოდ შრომატევად და რთულ პროცესებს გავდივართ, რასაც მოსდევს ასეთი დანიშვნები. მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ პროცესში მხარდაჭერას და ნდობას მიცხადებს. მოუთმენლად ველი ახალ ზელანდიაში ჩასვლას და თამაშის დაწყებას. იქ ნამდვილი სარაგბო ატმოსფერო და ახალი გამოცდილება მელოდება. ზელანდიას დამატებითი წარდგენა არ ჭირდება. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია არგენტინა. ვეცდები დავამტკიცო, რომ ქართველებსაც კარგად გვესმის ეს თამაში და შეგვიძლია გავუძღვეთ მაღალი დონის შეხვედრებს. ვეცდები სამხრეთ აფრიკაში მიღებული გამოცდილება სრულად გადავიტანო მოედანზე და თუ აქაც მომიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებლად ვიმოქმედებ მსოფლიო რაგბის დირექტივების მიხედვით“.
RUGBY.GE