ფეხბურთი

23:08 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ნოზაძე: "მაქსიმუმი არ მიგვიღია, უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო"

თბილისის „საბურთალომ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბუქარესტის „სტიაუა“ 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.

„მინდა, რომ ფეხბურთელებს თავიდანვე მადლობა გადავუხადო, იმიტომ, ვაჟკაცები და ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ჩვენ გამოცდილი ფეხბურთელებიც გვყავს და ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებისთვის ეს დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებია. მადლობას ვუხდი მათ თავდადებისთვის და გულშემატკივრების თანადგომით შევძელით დღეს დასახული მიზანი შევასრულეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიში ყოფილიყო, 2:0 ან 3:1. მათაც ჰქონდათ კარგი მომენტები, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი არ მიგვიღია, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს გამარჯვება დაიმსახურა. თუმცა, ჯერ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით, ეს არაფერია და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან რთული ბრძოლა გველოდება. თუმცა ერთი შემიძლია შეგპირდეთ, რომ ეს ბიჭები არც იქ შეირცხვენენ თავს და ბოლომდე იბრძოლებენ. როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ.

გუნდში მხოლოდ მიკროტრავმებია, სერიოზული ამ წუთისთვის არაფერია და ყველა მწყობრშია, რაც გასახარია. ვფიქრობ, დღესაც და „პარტიზანთან“ წინა მატჩშიც დაინახეთ, რომ გუნდს შესწევს ძალა მაღალი მიზნების ბრძოლისთვის. პირობას გაძლევთ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ, დანარჩენი თამაშზე გამოჩნდება. რესურსიც არის, კი რა თქმა უნდა, უკეთესიც შეიძლება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებიდან გამომდინარე მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომაც, შეგვიძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა.

ჯერ არ ვიცი, საპასუხო მატჩში როგორი შემადგენლობით ვითამაშეთ, ზეგ განვაახლებთ ვარჯიშს და ამის მერე დავიწყებთ ფიქრს შემადგენლობაზე. ამ ბიჭებს შესწევთ ძალა და აუცილებლად ვიბრძოლებთ.

ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და დასანანი იყო „დინამო ბათუმის“ მარცხი. ტირანაში შეხვედრის შესვენებაზე ვიცოდით, რომ „დინამო თბილისი“ და გორის „დილა“ გავარდნილები იყვნენ და მაშინ გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვენ ვიყავით ის გუნდი, რომელსაც შეეძლო ქართველი გულშემატკივარი გაეხარებინა. ამან ბიჭებს მუხტი მისცა და მეორე ტაიმში მოედანზე თავდადებით გავიდნენ და იბრძოლეს. რასაკვირველია, „დინამო ბათუმს“ ჯერ სათამაშო აქვს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ ვიბრძოლოთ ქართული ფეხბურთის რეპუტაციისთვის, რადგან ჩვენ ვართ დარჩენილები და რეალური შანსი გვაქვს მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვიბრძოლოთ.

ვფიქრობ, რომ „სტიაუასაც“ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და ვეცდებით იმ პრობლემების გამოსწორებას, რომელიც გვქონდა. ამაზე ვიმუშავებთ და ვფიქრობ, გამოსწორებას შევძლებთ. შეტევაში იქაც თამამები ვიქნებით და გვექნება შანსი, რომ გოლი გავიტანოთ. არ შეგვეშინდება არცერთი წამით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“, - თქვა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" „სტიაუა“ ლევან ნონიკაშვილის გოლით 1:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო მატჩი 28 ივლისს, ბუქარესტში გაიმართება.

0.116317