ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა შეიძლება გუნდი გააძლიეროს, მაგრამ ახალი „ნაპოლი“ ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენზე იქნება დამოკიდებული.
„ნაპოლიმ“ დაკარგა ინსინიე და არა რომელიმე რიგითი ფეხბურთელი. ახლა უნდა გავიგოთ, რას მისცემს გუნდს ახალწვეული კვარაცხელია, რომელზეც ყველა კარგად ლაპარაკობს. ქართველი შეიძლება იყოს შესაფერისი გამაძლიერებელი, მაგრამ ნათელია, რომ დღევანდელი „ნაპოლის“ ბედი ოსიმენს უკავშირდება. ასევე არის ლოზანო, რომელიც ნიგერიელზე ნაკლებად შემტევია, მაგრამ შეუძლია მეტი სათამაშო დროის მიღება. წყვილი ცუდი არ არის, მაგრამ უნდა ვნახოთ, რას მოიფიქრებს სპალეტი, რომელიც დროდადრო სატრანსფერო გაძლიერებების გარეშე პოულობდა სწორ გადაწყვეტილებებს“, - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ხვალიდან კასტელ დი სანგროში მოემზადება, სადაც 27 ივლისს, ამხანაგურ მატჩს თურქულ „ადანა დემირსპორთან“ ჩაატარებს.