სხვა

2:53 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იამაიკელი ფრეიზერ-პრაისი მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი

აშშ-ის ქალაქ იუჯინში გრძელდება მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი. ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, იამაიკელებს კვლავ არ ჰყავთ ბადალი - მათ კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავეს. ოქროს მედალს კი, კარიერაში მეხუთეს, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი დაეუფლა.

მან დისტანცია 10.67 წამში გაირბინა და უკან მოიტოვა შერიკა ჯეკსონი და ელეინ თომპსონ-ერა. ამ სამმა სპრინტერმა, ტოკიოს ოლიმპიადაზეც კვარცხლბეკი დაიპყრო, ოღონდ იქ პირველი თომპსონ-ერა იყო, მესამე კი - ჯეკსონი.

„აღარც მახსოვს, რამდენი წარუმატებელი გამოსვლა მქონდა, მაგრამ მაინც შევძელი დაბრუნება და ახლა აქ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ამ ნიჭით დამაჯილდოვა, რისი წყალობითაც, 35 წლის ასაკშიც კი ვაღწევ წარმატებას. შვილის გაჩენის შემდეგაც გავაგრძელე, რითაც იმედი მაქვს, ბევრ ქალს შთაგონების წყაროდ გამოადგება“, - განაცხადა ჩემპიონმა.

ამერიკელმა ათლეტებმა ოქროს ოთხი მედალის მოპოვება შეძლეს. ადგილობრივი წარმოშობის (ორეგონელმა) რაიან კროუზერმა, ვინც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდის ავტორია, ბირთვის კვრაში გაიმარჯვა. კვარცხლბეკის სამივე საფეხური ამერიკელებმა დაიკავეს.

კროუზერმა გამარჯვება ბირთვის 22.94 მეტრზე ტყორცნით მოიპოვა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია. მეორე ადგილზე ჯოი კოვაჩი გავიდა, ვინც იუჯინში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის ტიტულით იასპარეზა. ბრინჯაოს მედალს კი ჯოშ ავოტუნდე დაეუფლა.

ქალთა შორის ჭოკით ხტომაში, მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი კეიტი ნაგოტი გახდა, ვინც 4.85 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო. ვერცხლის მედალი (ზედიზედ მესამე), მისმა თანამემამულე სენდი მორისმა მოიპოვა.

110 მეტრზე თარჯრბენში, გრანტ ჰოლოვეიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ გახურებისას ტრავმა მიიღო იამაიკელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰანსელ პარშმენტმა, ფალს სტარტის გამო კი გარბენიდან ამერიკელი დევონ ალენი მოხსნეს. ალენმა ივნისში ისტორიაში მესამე საუკეთესო დრო დააფიქსირა. დისკვალიფიკაცია კი მან იმით დაიმსახურა, რომ ბლოკს სასტარტო ნიშანზე 0.01 წამით ადრე მოსწყდა...

დილის სესიის დროს, ქალთა შორის უროს ტყორცნაში, გამარჯვება ამერიკელმა ბრუკ ანდრსენმა მოიპოვა. მან ურო 77.56 მეტრზე გასტყორცნა და უკან ჩამოიტოვა კანადელი კემრინ როჯერსი და თანამემამულე ჯეინი კასანავოიდი. აღსანიშნავია, რომ როჯერსი პირველი კანადელია, ვინც უროს ტყორცნაში მედლის მოპოვება შეძლო.

მამაკაცთა შორის მარათონში პირველი ორი ადგილი ეთიოპიელებმა დაიკავეს. ჩემპიონი ტამირატ ტოლა გახდა, ვინც დისტანცია ორ საათსა და 05.37 წუთში გაირბინა. მეორე ადგილს მოსინეტ გერემევი დაეუფლა, მესამეზე კი სომალიში დაბადებული და ბელგიის დროშით მოასპარეზე ბაშირ აბდი გავიდა.

უგანდელმა მსოფლიო რეკორდსმენმა ჯოშუა ჩეპტეგეიმ ოქროს მედალი 10 000 მეტრზე სირბილში მოიპოვა. მან დისტანცია 27 წუთსა და 27.43 წამში გაირბინა. ვერცხლს კენიელი სტენლი მბურუ დაეუფლა, ბრინჯაო კი უგანდელ ჯაკობ კიპლიმოს ერგო.

ქალთა შორის მარათონში ეთიოპიელმა გოტიტომ გებრესლასემ გაიმარჯვა. მან ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე დაიწყო შეტევა და კენიელ ჯუდით კორირს გამარჯვების შანსიც არ დაუტოვა. გებრესლასემ ფინიში ორ საათში, 18 წუთსა და 11 წამში გადაკვეთა და მსოფლიო ჩემპიონატების ახალი რეკორდი დაამყარა. ძველი რეკორდი ბრიტანელ პოლა რედკლიფს 2005 წელს აქვს დამყარებული. ამგვარად, ეთიოპიელებმა ორივე მარათონული გარბენი მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.193641