ფეხბურთი

22:37 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა სეზონი ძირითადში და ძალიან დამაჯერებლად დაიწყო

გიორგი მამარდაშვილმა 2022-2023 წლების სეზონი კარგად დაიწყო. მართალია, ჯერ მხოლოდ ამხანაგურ მატჩზე ვსაუბრობთ, მაგრამ ცალსახად პოზიტივია ის, რომ ჯენარო გატუზო ქართველ მეკარეს პირველივე მატჩში ენდო და ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. ეს ნიშნავს, რომ იტალიელიც პირველ მეკარედ გიორგის განიხილავს.

„ვალენსიამ“ პრესეზონზე პირველი სპარინგი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩაატარა და გიორგიმ 62 წუთი ითამაშა, შემდეგ მოედანზე იასპერ სილესენი გამოჩნდა. იმ დროისთვის ესპანელები 3:1-ს იგებდნენ და საბოლოოდ, მატჩიც ასე დასრულდა. ამრიგად, გატუზოს არაოფიციალური დებიუტი წარმატებული გამოვიდა.

გიორგიმ ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და 5 სეივი მიითვალა, მხოლოდ მარკო როისის დარტყმას ვერ გაუმკლავდა - გერმანელმა მის კარში პენალტი გაიტანა. სხვა მხრივ, 21 წლის ქართველი მეკარე უშეცდომო იყო, არა მარტო ხაზზე, არამედ გამოსვლებზეც შესანიშნავად ირჯებოდა და განსაკუთრებით ერთი მომენტი იყო გამორჩეული, როცა მეტოქის სახიფათო დაბალი პასი ნახტომში ჩაჭრა.

„ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს, შვეიცარიულ „სენტ გალენტან“ გამართავს, ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში 14 აგვისტოს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

0.111227