სხვა

3:05 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კერლიმ და ამერიკელებმა 100 მეტრზე სპრინტის კვარცხლბეკი დაიპყრეს

აშშ-ის ქალაქ იუჯინის ჰეივორდ ფილდზე მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, კვარცხლბეკის სამივე საფეხური ამერიკელმა მორბენლებმა დაიკავეს. ოქროს მედალს კი ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, ფრედ კერლი დაეუფლა.

ჩემპიონმა დისტანცია 9.86 წამში გაირბინა და უკან მოიტოვა ორი თანაგუნდელი - მერვინ ბრეისი და ტრეივონ ბრომელი. ამ ორს შორის სხვაობა მხოლოდ ორი მეათასედი წამი აღმოჩნდა. მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა კიდევ ერთი ამერიკელი, აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი კრისტიან კოულმენი.

„საოცარია, რომ ეს შინაურ არენაზე, შინაური მაყურებლის წინაშე შევძელი. კიდვ უფრო საოცარია, რომ კვარცხლბეკზე სამივე ადგილს ვიკავებთ“, - ამბობს კერლი, ვინც წინასწარ გარბენებში, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, საუკეთესო შედეგი - 9.79 დააფიქსირა.

ხელი მოეცარა ოლიმპიურ ჩემპიონს, იტალიელ ლამონტ ჯეკობსს, ვისაც ამ სეზონში, თეძოს ტრავმა არ აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას. ის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა.

ქალთა შორის ბირთვის კვრაშიც ჩემპიონი ამერიკელი ათლეტი - ჩეიზ ილი გახდა. მან პირველივე ცდაზე, ბირთვი 20.49 მეტრზე გასტყორცნა და ბოლომდე მიუწვდომელი დარჩა. ილიმ მასპინძელთა გუნდს, ოქროს პირველი მედალი მოუპოვა.

ორგზის ჩემპიონმა, ჩინელმა გონ ლიძიაომ ყველაფერი იღონა, რათა მესამე ოქროსაც დაუფლებოდა, მაგრამ ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. არადა, მეხუთე ცდაზე მიზანთან ახლოს იყო, თუმცა გამარჯვებამდე 10 სანტიმეტრი არ ეყო. ბრინჯაოს მედალი ჰოლანდიელმა ჯესიკა შილდერმა მოიპოვა.

მამაკაცთა სიგრძეზე ხტომაში, გამარჯვება ჩინელმა ვან ძიანანმა მოიპოვა, ვისი საუკეთესო ნახტომიც 8.36 მეტრი იყო. მან ჩემპიონის წოდება ბერძენ ტენტოგლუ მილტიადისს ჩამოართვა.

ქალთა შორის 10 000 მეტრზე სირბილში გამარჯვება, ეთიოპიელმა მსოფლიო რეკორდსმენმა ლეტესენბეტ გიდიმ მოიპოვა, ვინც დისტანცია სეზონში მსოფლიოს საუკეთესო შედეგით (30:09.94) მოიპოვა. მხოლოდ მეოთხე შედეგს დასჯერდა ჰოლანდიელი სიფან ჰასანი, ვინც ამ დისტანცაზე მსოფლიოს მოქმედი და ოლიმპიური ჩემპიონის წოდებით იასპარეზა.

მამაკაცთა შორის უროს ტყორცნაში, მსოფლიო ჩემპიონი ზედზედ მეხუთედ გახდა პოლონელი პაველ ფაიდეკი. ლეგენდარული უკრაინლის, სერგეი ბუბკას შემდეგ ის პირველი ათლეტია, ვინც ერთ სახეობაში, მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ ხუთჯერ გახდა.

0.132525