ზაგრების გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ოთხი ქართველი გავიდა და ოთხივე მედლისთვის იბრძვის. ბექა ღვინიაშვილი და ილია სულამანიძე ფინალში არიან, ხოლო გელა ზაალიშვილსა და სოფიო სომხიშვილს ბრინჯაოსთვის ერთი შეხვედრის მოგება სჭირდებათ.
90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ჩეხი დავიდ კლამერტი, ბერძენი თეოდოროს ცელიდისი და ფრანგი ფრანსის დამიე დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ კენტა ნაგასავას გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა, ფინალში კი ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს გაეჯიბრება.
100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ასპარეზობაში მესამე წრიდან ჩაერთო, რადგან მისი პირველი მეტოქე ხორვატი მარკო კუმრიჩი ტატამიზე არ გამოცხადდა. ილიამ კი, ჯერ ესტონელი გრიგორი მინასკინი და მერე ყაზახი ნურლიხან შარხანი დაამარცხა, შედეგად ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონელ პიოტრ კუჩერას შეხვდა, რომელსაც აჯობა და ფინალში მისი მეტოქე ნიდერლანდელ მიხაელ კორელს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.
+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი მეორე წრიდან ჩაერთო და ნახევარფინალამდე პოლონელი ვოიცეხ კორდიალიკი, ყაზახი ადილ ორაზბაიევი და ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს შეხვდება.
დღესვე ქალთა შორის სოფიო სომხიშვილს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს. მან ხორვატი ტინა რადიჩი დაამარცხა, შემდეგ ფრანგ ლეა ფონტენთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში თურქ სებილ აკბულუტს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე, მეტოქედ კი მონღოლი ადიასურენ ამარსაიხანი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ზაგრებში 10 ძიუდოისტით წარსდგა და ამ დროისთვის 3 მედალი აქვს მოპოვებული. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.