2022 წლის რაგბის ზაფხულის სერიები საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ქუთაისის "აია არენაზე" პორტუგალიის ნაკრები 23:14 დაამარცხეს და აღნიშნული სერიები გამარჯვებით დაასრულეს. "ლებუშთან" მატჩამდე ლევან მაისაშვილის გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოუგო Tier 1-ის გუნდს. "ბორჯღალოსნებმა" "აჭარაბეთ არენაზე" იტალია 28:19 დაამარცხეს. მანამდე კი, არგენტინა XV-თან დამარცხდნენ.
მიუხედავად ორი გამარჯვებისა, საქართველოს ნაკრები რეიტინგში მაინც დაქვეითდა. ამის მიზეზი სამოას ნაკრების მოულოდნელი წარმატებაა. წყნარი ოკეანის თასზე "მანუ სამოამ" ფიჯი 23:20 დაამარცხა და ერთბაშად 2 პოზიციით დაწინაურდა. სამოა მსოფლიოში მე-11-ეა. მეთორმეტეა ფიჯი, საქართველო მე-13 ადგილს იკავებს. ჩვენს შემდეგაა იტალია, რომელსაც 73.29 ქულა აქვს.
LIVE რეიტინგში პირველ ადგილზეა ირლანდიის ნაკრები, რომლებმაც ახალ ზელანდიას სამიდან ორი მატჩი მოუგო. მეორე ადგილზეა საფრანგეთი. მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა მესამე, ახალი ზელანდია მეოთხე ადდგილამდე დაქვეითდა.