აშშ-ის ქალაქ იუჯინში მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი გაჩაღდა. ჩვენ უკვე გაუწყეთ, რომ პირველი ოქროს მედალი, ქალთა შორის 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში, პერუელმა კიმბერლი გარსია ლეონმა მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პერუელი ათლეტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
მაგრამ პირველი დღის მთავარი მოვლენა იყო 4x400 მეტრზე შერეული ესტაფეტა. ის დომინიკის რესპუბლიკის კვარტეტმა მოიგო. ოქროს მედლებს ლიდიო ანდრეს ფელისი, მერილეიდი პაულინო, ალექსანდერ ოგანდო და ფიორდალისა კოფილი დაეუფლნენ. მეორე ადგილი ჰოლანდიამ დაიკავა, მესამეზე კი ელისონ ფელიქსი და კომპანია გავიდა. 36 წლის ფელიქსისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მე-19 მედალია. და ამით მან კარიერა დაასრულა.
მამაკაცთა შორის 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულში, იაპონელმა ტოშიკაზუ იამანიშიმ გაიმარჯვა და 2019 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. მან ბოლო კილომეტრებზე ჩამოიტოვა თანამემამულე კოკი იკედა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზეც ვერცხლს დასჯერდა.
მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, წინასწარი გარბენები გაიმართა. ამერიკელმა ფრედ კერლიმ 9.79 წამში მიაღწია ფინიშს, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ჰიტებზე, ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
კვლავ არაა ფორმაში ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი ლამონტ ჯეკობსი, ვისაც ამ სეზონში, თეძოს ტრავმის გამო, დიდი დრო გაუცდა. მან იმდენი მოახერხა, რომ არასპორტული საქციელისთვის, ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც იშვიათად ხდება ხოლმე.
ხელი მოეცარა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს ჯერაც მოქმედ ჩემპიონს, იამაიკელ ტეჯეი გეილს. საკვალიფიკაციო შეჯიბრის დროს, მას სამივე ცდა გაუუქმდა და ამის გამო, ფინალის მიღმა დარჩა.
ქალთა შორის 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზს, მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი, კენიელი ბეატრის ჩეპკოეჩი ტრავმის გამო გამოეთიშა. საუკეთესო დრო კი მის ყოფილ თანამემამულეს, ბრილიანტის ლიგის შარშანდელ გამარჯვებულ ნორა ჯერუტოს ჰქონდა, ვინც ამჯერად ყაზახეთის სახელით ასპარეზობს.