ტურ დე ფრანსზე მე-11 ეტაპის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. გერმანელმა იონას ვინგეგაარდმა ურთულესი, ალპებში სამთო რბოლა მოიგო და ყვითელი მაისური, ტურის ორგზის ჩემპიონს, სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს ჩამოართვა.
ვინგეგაარდმა, ვინც შარშანდელი ტურის ვიცე ჩემპიონია და მე-11 ეტაპის წინ, მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ფინიშამდე 4.9 კილომეტრით ადრე დაიწყო შეტევა და უკან ჩამოიტოვა პოგაჩარი, ვინც მანამდე ვინგეგაარდის თანაგუნდელებმა (ჯუმბო-ვისმა) კატა-თაგვობანას თამაშით დაღალეს. და როდესაც დანიელმა შეუტია, ჩემპიონს მისი გაყოლის ძალა აღარ ჰქონდა.
მე-11 ეტაპი მოიცავდა ისეთ ლეგენდარულ მთას, როგორიც კოლ დუ გალიბიერია. ბოლოს კი გზა კოლ დუ გრანონზე გადიოდა, რომლის აღმართის სიგრძე 11.3 კილომეტრია, საშუალო დახრა 9.2 პროცენტი, მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2 412 მეტრი.
ვინგეგაარდის გადამწყვეტ შეტევამდე, პოგაჩარი ახერხებდა მეტოქეთა შეტევების მოგერიებას. მაგრამ ძალიან გაუჭირდა, რადგან კორონავირუსის გამო, რამდენიმე თანაგუნდელი დაკარგა. მათ გარეშე კი მთაში მეტოქეების გამკლავება ძნელია. ამის გამო, ვინგეგაარდის შეტევის შემდეგ, მას გერეინ თომასმა, დავიდ გაუდუმ და ადამ იეიტსმაც ისე ჩაუარეს, პასუხიც ვერ გასცა.
ვინგეგაარდმა უფრო ადრე დაწინაურებული კოლუმბიელი ნაირო კინტანაც ჩამოიტოვა და ფინიში პირველმა გადაკვეთა. კინტანა მას 59 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი კი ფრანგმა რომენ ბარდემ დაიკავა.
„გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. განსაკუთრებით პრიმოჟმა (როგლიჩმა). ის ერთ-ერთი ლიდერია და ყველაფერი გააკეთა ჩემი გამარჯვებისთვის. ტურის ეტაპის მოგება და ლიდერის მაისურის ჩაცმა ისაა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ტადეი ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ველომრბოლია. და მისთვის ყვითელი მაისურის ჩამორთმევა, წარმოუდგენელია. ის ყველაფერს გააკეთებს მის დასაბრუნებლად, მე კი შენარჩუნებას ვეცდები“, - განაცხადა ვინგეგაარდმა.
11 ეტაპის შემდეგ, ვინგეგაარდი ორ წუთს და 16 წამს უგებს მეორეზე გადასულ ბარდეს, პოგაჩარი კი მესამეა და ახალ ლიდერს ორი წუთით და 22 წამით ჩამორჩება.
სლოვენლი არ მალავს, რომ ყვითელი მაისურის დაბრუნებას მე-12 ეტაპზევე ეცდება. ესაა კიდევ უფრო რთული რბოლა, რომელზეც მონაწილეებს კიდვ ერთხელ მოუწევთ გალიბიერიზე (2 642 მეტრი) ასვლა. მანამდე მათ ასევე უმაღლესი კატეგორიის ალპ დ’უზი ელით. ბოლოს კი - უსასრულო კოლ დე ლა კრუა დე ფერი.