რაგბი

21:53 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა იტალია დაამარცხა!

ქართული რაგბი ამ დღეს დიდხანს ელოდა - საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ 1-ის (პირველი ეშელონის) წარმომადგენელი ნაკრები და თან, ეს იტალია გამოდგა!

ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო და მე-14 წუთზე უკვე 12:0-ს იგებდა. ამ პერიოდში ალექსანდრე თოდუამ და თედო აბჟანდაძემ ორჯერ უწიეს იტალიელთა ჩათვლის მოედანს, საიდანაც თედომ თავისი ლელოს გარდასახვა მოახერხა. იტალიელებმა მალევე მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ერთი გარდასახული ლელოთი და ორი ზუსტი ჯარიმით „აძურიმ“ დაწინაურება მოახერხა - 12:13. მიუხედავად ამისა, ტაიმი მაინც „ბორჯღალოსნებმა“ მოიგეს, რადგან თედო აბჟანდაძემ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და მეორე ლელოც ზუსტად გარდასახა - 19:13.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და ერთი კვირისგან განსხვავებით შესვენების შემდეგ ამჯერად შესანიშნავად ითამაშა. იტალიის ნაკრებმა მეორე ნახევარში მხოლოდ ის მოახერხა, რომ ტომაზო ალანმა ორი ჯარიმა გაიტანა, ლელოსთან კი ახლოსაც არ ყოფილან. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა ასევე ორი ჯარიმა გაიტანა (ერთი აბჟანდაძემ, მეორე გელა აფრასიძემ) და პირველი ნახევრის 6-ქულიანი სტატუსქვო შენარჩუნდა. გარდამტეხი კი 79-ე წუთი იყო, როდესაც აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა, სხვაობა 9-ქულიანი გახადა, რითაც ნათელი გახდა, რომ იტალია თამაშს ვეღარ გადაარჩენდა, რადგან დარჩენილ ერთ წუთში „აძურის“ გარდასახული ლელოც არ ჰყოფნიდა. დარჩენილ დროში ბუნებრივია არაფერი შეცვლილა და "ბორჯღალოსნებმა" 28:19 მოიგეს!

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა, იტალიის ნაკრები! ეს იყო „ბორჯღალოსნებისა“ და „აძურის“ მესამე დაპირისპირება ისტორიაში და ქართველებმა პირველად მოიგეს. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებმა ტიერ 1-ის ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხეს!

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ზაფხულის სერიების ეგიდით ბოლოს მატჩს 16 ივლისს ქუთაისში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

იტალია - საქართველო 28:19 (19:13)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

მაყურებელი: 20 000

ქულები: 5:0 თოდუა (11), 10:0 აბჟანდაძე (14), 12:0 აბჟანდაძე (14), 12:5 მენონჩელო (20), 12:7 ალანი (21), 12:10 ალანი (27), 12:13 ალანი (33), 17:13 აბჟანდაძე (36), 19:13 აბჟანდაძე (37), 19:16 ალანი (52), 22:16 აბჟანდაძე (56), 25:16 აფრასიძე (69), 25:19 ალანი (73), 28:19 აბჟანდაძე (77)

საქართველო: გოგიჩაშვილი (აბულაძე 59), მამუკაშვილი (ჭყოიძე 53), გიგაშვილი (ჯაფარიძე 65), ჭეიშვილი (ჩაჩანიძე 72), ჯაიანი, გიორგაძე (მამამთავრიშვილი 68), საღინაძე, გორგაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 57), აბჟანდაძე, თოდუა (თაფლაძე 74), შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, ნინიაშვილი

იტალია: ფისკეტი (ნემერი 51), ლუკეზი (ნიკოტერა 51), ფერარი (ნეჩულაი 72), კანონე (ზიზი 75), ფუზერი (პეტინელი 53), რუცა, ლამარო, ჰალაფიჰი (ჯამარიოლი 72), ა. გარბიზი (ფუსკო 62), ალანი, პადოვანი, ძანონი (პ. გარბიზი 44), ბრექსი, მენონჩელო, კაპუოცო

0.179162