უნგრეთში დაიწყო ბუდაპეშტის გრანდ სლემი ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო. ორი მათგანი მედლისთვის იბრძვის - ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალშია, ხოლო თემურ ნოზაძეს ბრინჯაომდე ერთი მოგება აშორებს.
60 კგ წონით კატეგორიაში ჩხვიმიანმა ისრაელის წარმომადგენელი ლიორ რაფაილოვი, მოლდოველი ალექსანდრუ ტრისინა და იტალიელი ანჯელო პანტანო დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ ბაურჟან ნარბაიევს აჯობა და ფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს გაეჯიბრება.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს თემურ ნოზაძე, რომელმაც ბრიტანელი დილან მუნრო და ჩეხი დავიდ პულკრაბეკი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აწ ნახსენებ ყაზახ ნაბრაიევთან წააგო, შედეგად რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იტალიელ პანტანოს აჯობა, ხოლო მედლისთვის მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს შეხვდება.
66 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც პოლონელ პატრიკ ვავრიჩეკსა და ფრანგ ორლანდო კასორლას კი აჯობა, მაგრამ ჯერ მეოთხედფინალში უზბეკ რახიმიონ სუბჰონოვთან განიცადა მარცხი, მერე კი რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთანაც ვერაფერს გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.