ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში გამარჯვებას შეძლებს. ამის იმედს მას სილვერსტოუნის რბოლა აძლევს, რომელიც მესამე ადგილზე დაასრულა და რომელშიც ლიდერების, „რედ ბულის“ და „ფერარის“ პილოტებს ბრძოლა გაუმართა.
37 წლის ბრიტანელი ამბობს, რომ ავსტრიაში გამარჯვება გაუჭირდება, თუმცა ეს შეუძლებლად მაინც არ მიაჩნია. ასეთი ოპტიმიზმის საბაბს მას აძლევს ის ფაქტი, რომ „მერსედესის“ ბოლო განახლებებმა, რომლებიც გუნდმა პირველად სწორედ სილვერსტოუნზე გამოიყენა, მანქანის მუშაობა საგრძნობლად გააუმჯობესა.
ჰამილტონი ფორმულა 1-ის ერთადერთი მრბოლია, ვისაც რბოლები ყველა სეზონში აქვს მოგებული. მაგრამ ამჯერად, 11 ეტაპი ისე დასრულდა, რომ მას კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური არ დაუკავებია. ჯერჯერობით, ეს მისთვის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი სეზონია.
„სეზონის დასაწყისში, მე ვერც ვიფიქრებდი, რომ წელს მოგებისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ძალნ ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ლიდერებს დავწეოდით, რადგან ერთ ადგილზე არავინ დგას და სხვებიც ვითარდებიან. მაგრამ ამ ბოლო ორი რბოლის შემდეგ, სულ სხვა გრძნობა დამეუფლა. აშკარაა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით, მანქანას პოტენციალი აქვს. უბრალოდ, ცოტა მეტი მონდომება და მუშაობაა საჭირო და ჩვენ მათ უფრო მივუახლოვდებით, მოგების შანსი გაგვიჩნდება“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც კარიერაში ყველაზე მეტი, 103 რბოლა (მათ შორის რვა სილვერსტოუნზე) აქვს მოგებული.
ამ სეზონში პირველად, ჰამილტონმა რამდენიმე წრე ლიდერის რანგში გაატარა და რბოლის უსწრაფესი წრეც დააფიქსირა, რისთვისაც ერთი ბონუს ქულა დაიმსახურა.