ფეხბურთი

22:11 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი სტარტი კონფერენს ლიგაზე: "დილა" და "საბურთალო" დამარცხდნენ

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო ქართული გუნდებისთვის. გორის „დილა“ და თბილისის „საბურთალო“ პირველ მატჩში დამარცხდნენ.

ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ ფინეთში „კუპსის“ ესტუმრა და თითო ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა - 0:2. შესაბამისად, გორელები, ერთ კვირაში საკუთარ მოედანზე რთული მისიის წინაშე იქნებიან.

32-ე წუთზე ანგარიში იანის იკაუნიეკსმა საჯარიმო დარტყმით გახსნა. ლატვიელმა ფეხბურთელმა გორელთა მეკარის, კანევცევის კარი დაახლოებით 30 მეტრიდან ბრწყინვალე დარტყმით აიღო. „კუპსიმ“ უპირატესობა მატჩის ბოლო წუთზე გაზარდა, ამჯერად პენალტი ტიმ ვაირინენმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „დილას“ ამოცანა გართულდა, თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესი აღარ მოქმედებს, ამდენად, გორელებს შინ მინიმუმ დამატებითი დროისთვის ნებისმიერი ორბურთიანი სხვაობით მოგება დასჭირდებათ. საპასუხო მატჩი კი 14 ივლისს, გორში გაიმართება.

„კუპსი“ – „დილა“ 2:0 (1:0)

„დილა“ (4-3-3): კანევცევი; ჩიტეიშვილი, ობიერო, ჭიჭინაძე, ვანდერსონი; მოსიაშვილი (მადინგა 74), ალეფი, გაგნიძე; ღუდუშაური (გალე 74), კაპანაძე (სპანდერაშვილი 90), გომისი (დრამე 61)

გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (32), 2:0 ვაირინენი (90)

თბილისის „საბურთალომ“ გორში ტირანას „პარტიზანს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ბედი მეორე ტაიმის სტარტზე, ტედი კარას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში თბილისელთა დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა. „საბურთალოს“ ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ტირანაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გორში, სტადიონზე შუქი ჩაქრა, რის გამოც მატჩი 15 წუთის დაგვიანებით განახლდა. სხვათა შორის, ეს ბოლო პერიოდში პირველი შემთხვევა არაა, როცა გორში თამაშზე შუქი გამოირთო. იგივე მოხდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და ეროვნულ ლიგაში, გორის „დილას“ მატჩებზეც.

„საბურთალო“ – „პარტიზანი“ 0:1 (0:0)

„საბურთალო“ (3-4-3): მეგრელიშვილი; ჩადუნელი, კაკუბავა, ჯგერენაია (შ. ნონიკაშვილი 55); გოჩოლეიშვილი, მიოცი (ო. მამაგეიშვილი 86), ქარდავა (გოშთელიანი 66), ტაბატაძე (გ. მამაგეიშვილი 87); გულიაშვილი, სიხარულიძე, ლ. ნონიკაშვილი (ჯინჯოლავა 66)

გოლი: 0:1 კარა (47)

0.116195