ფეხბურთი

20:23 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ჟეზუსი: "მინდა, "არსენალში" ყველა ტიტული მოვიგო"

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა გაბრიელ ჟეზუსმა განაცხადა, რომ ის კლუბის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. როგორც ბრაზილიელმა ფორვარდმა აღნიშნა, „არსენალის“ რიგებში ყველა ტიტულის მოგება სურს.

„როდესაც ედუ ჩემთან მოვიდა და შეთავაზება გააკეთა, მოხიბლული დავრჩი კლუბის იდეებით და პროექტით, იმით, რისი გაკეთებაც სურთ. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ „არსენალის“ ფეხბურთელი გავხდებოდი. მიკელ არტეტამ კი ჩემი 100%-ით დარწმუნება მოახერხა. ამ გუნდში ბევრი ტალანტია, ძალიან კარგი და ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. მეც ახალგაზრდა ვარ და ვგრძნობ, რომ ოჯახში მოვედი, ზუსტად ეს მინდოდა. არტეტასთან ადრეც მიმუშავია, ამიტომ, ვიცი მისი იდეები, ვიცი, როგორ სურს თამაში. ის გვარდიოლას საკმაოდ ჰგავს და ჩემს სტილს მისი ფეხბურთი შეესაბამება. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში რაღაცას მოვიგებთ.

ადაპტაციისთვის დრო დამჭირდება, უნდა გავიცნო კლუბი, ფეხბურთელები, თამაშის სისტემა. როგორც კი ეს მოხდება, მერე ყველაფერი ბუნებრივად მოხდება. ყოველთვის ასეა, ფეხბურთი ასეთია. მინდა ტიტულები მოვიგო, ეს „არსენალში“ დასამკვიდრებლად ერთადერთი გზაა. მსურს, რომ ყველაფერი მოვიგო.

როდესაც ამბობ „არსენალს“, ტიერი ანრის გულისხმობ. ის უნიკალური იყო, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე. თუმცა, მე არ მინდა, ახალი ტიერი ანრი ვიყო, პირიქით, მინდა ამ კლუბის ისტორიაში ჩემი სახელით შევიდე.

თითოეული თამაშის 90 წუთში ყველაფერს გავაკეთებ, ვეცდები გოლების გატანას და გუნდის დახმარებას. არ მინდა მარტო გოლების გატანა, საგოლე პასების გაკეთება, ბურთის შენარჩუნება, სირბილი მსურს, არასდროს გავჩერდები. მე ასეთი ვარ: ყოველთვის მინდა ჩემი გუნდის და თანაგუნდელების დახმარება“, - თქვა გაბრიელ ჟეზუსმა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა“ ბრაზილიელი თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტიდან“ 45 მილიონ ევროდ დაიმატა. გაბრიელი „მეთოფეთა“ ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115155