რაგბი

10:54 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ფერარი: "ქართველები აცხადებენ, რომ ექვს ერში ჩვენს ნაცვლად თამაშს იმსახურებენ - ეს კითხხვები უნდა გაქრეს"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩების სერიას იტალიასთან შეხვედრით გააგრძელებს. მეტოქე გუნდმა შეხვედრისთვის მზადება ფოთში დაიწყო და როგორც ჩანს ამ თამაშის მიმართ დიდი გეგმები აქვთ.

ჩვენი ქვეყნის გუნდთან დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების წევრმა სიმონე ფერარიმ, რომელიც გუნდს 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაუბრუნდა. თავდაპირველად გუნდში გამოძახების ემოციებზე ისაუბრა. ასევე მისი თქმით, ამ მატჩმა ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს, რადგან ქართველებს ექვს ერში თამაში სწორედ იტალიელების ნაცვლად სურთ და ამიტომ ყველა ხერხით გამარჯვება მათთვის მისაღები იქნება.

"მომენატრა მოედნის ატმოსფერო, ყველა ემოცია, რასაც ამ მაისურის ტარება მანიჭებს. ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ საუკეთესო მდგომარეობაში ვყოფილიყავი და ზაფხულის მატჩებზე მეთამაშა. მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის ამ შესაძლებლობისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო გამარჯვებებში და გუნდთან ერთად ვიყო როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.

ბოლო დროს სხვადასხვა ტიპის მოწინააღმდეგეები გვყავდა. პორტუგალიასთან მოგება გაგვიჭირდა, თუმცა რუმინეთთან რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ჩვენი შემდეგი მეტოქე საქართველოს ნაკრებია, რომელსაც 4 წლის წინ ფლორენციაში შეხვდით. მას შემდეგ ეს გუნდი გაიზარდა. ტექნიკურად ძლიერი გუნდია. აცხადებენ, რომ ექვს ერში ჩვენს ნაცვლად თამაშს იმსახურებენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი დამარცხება შევძლოთ და ყველანაირი კითხვები გაქრეს. ვიცით, რომ ძალიან მოტივირებულები არიან, მაგრამ ყველანაირი ხერხით გასამარჯვებლად მზად ვართ“, - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იტალიის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შეხვედრა 10 ივლისს, ბათუმში გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. საქართველომ ზაფხულის ტესტების პირველი შეხვედრა არგენტინა XV-თან ჩაატარა და დამარცხდა, ხოლო იტალიის შემდეგ 16 ივლისს, ქუთაისის აია არენაზე, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.116486