სხვა

1:32 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოქმედმა ჩემპიონმა პოგაჩარმა ქვაფენილზე გამოცდა წარმატებით ჩააბარა

ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მრავალმხრივი ველომრბოლია. ბევრი ელოდა, რომ მეხუთე ეტაპზე, რომელზეც 19 კილომეტრი ურთულეს, ქვაფენილიან გზაზე იყო გასავლელი, ჩემპიონს გაუჭირდებოდა. მაგრამ პირიქით მოხდა.

პოგაჩარმა 51 წამი წააგო ეტაპის გამარჯვებულთან, ავსტრალიელ საიმონ კლარკესთან (ფოტოზე), მაგრამ რაც მთავარია, ყველა უშუალო მეტოქე ჩამოიტოვა. პოგაჩარმა ერთ მომენტში, ლიდერთა ჯგუფიდან შეტევა დაიწყო და ყველა უკან მოიტოვა. მაგრამ ფინიშამდე ძალა არ ეყო.

საბოლოოდ, გამარჯვებული საფინიშო სპრინტში გაირკვა. კლარკემ უკან მოიტოვა ჰოლანდიელი ტაკო ვან დერ ჰოორნი, ვინც მეორე ადგილს დასჯერდა და ნორვეგიელი ედვალდ ბოასონ ჰაგენი. იმის მიუხედავად, რომ ეტაპი ვერ მოიგო, პოგაჩარი თვისი გამოსვლით კმაყოფილი დარჩა.

„ჩემთვის ეს მართლაც კარგი დღე იყო. ქვაფენილზე კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლომდე ძალა არ მეყო, მაგრამ ხომ ვცადე. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ“, - განაცხადა პოგაჩარმა.

მეხუთე ეტაპის შემდეგ, ბელგიელმა ვუტ ვან აერტმა ლიდერის ყვითელი მაისური შეინარჩუნა. მაგრამ მისმა თანაგუნდელმა და რბოლის ერთ-ერთმა ფავორიტმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა პოგაჩართან ორ წუთზე მეტი წააგო. რბოლისას ის დაეცა და მხარი დაიზიანა.

ჩემპიონთან 13 წამი წააგო შარშანდელმა ვიცე ჩემპიონმა, ასევე „ჯუმბო-ვისმას“ დანიელმა იონას ვინგეგაარდმა, ვისაც რბოლისას მექანიკური პრობლემა შეექმნა. მასთან ერთ ჯგუფში მივიდა ფინიშთან ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი გერეინ თომასი.

ხუთი ეტაპის შემდეგ, ვან აერტი 13 წამს უგებს მეორეზე მყოფ ამერიკელ ნილსონ პაულესს, მესამეზე კი ბოასონ ჰაგენია, ვინც ლიდერთან 14 წამს აგებს. პოგაჩარი ჯერჯერობით მეოთხეზეა და ვან აერტს 19 წამით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117388