ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ საკუთარ მოედანზე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღს“ დაუპირისპირდა.
მატჩი პოლონეთის ჩემპიონმა მიკაელ იშაკის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით მოიგო - 1:0. ცხადია, ყველაფერი ერთ კვირაში ბაქოში გადაწყდება.
მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 79-ე წუთზე გოლის ავტორის ნაცვლად გამოჩნდა. სათადარიგო სკამზე დარჩნენ წიტაიშვილიც და გუგეშაშვილიც. ამრიგად, გიორგის პოლონური დებიუტი გადაიდო.
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონმა „შკუპიმ“ გიბრალტარის „ლინკოლნი“ შინ 3:0 დაამარცხა. გაგი მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 54-ე წუთისთვის ორჯერ გააფრთხილეს და გააძევეს. მიუხედავად ამისა, მისმა გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.