ჩოგბურთი

2:33 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონს მისი ყოფილი ჩემპიონი გამოეთიშა

უიმბლდონის მესამე წრეში, ტურნირს მისი ყოფილი ჩემპიონი, გერმანელი ანგელიკ კერბერი გამოეთიშა. ის ბელგიელმა ელის მერტენსმა 6-4, 7-5 დაამარცხა. მერტენსის მომდევნო მეტოქე, კარგ ფორმაში მყოფი ტუნისელი ონს ჟაბურია.

26 წლის მერტენსი (ფოტოზე) ბალახის დიდი სლემის ტურნირის მეოთხე წრეში მეორედ ითამაშებს. მეორე წრეში მან გაჭირვებით დაამარცხა უნგრელი პანა უდვარდი, რაზეც სამი საათი და 15 წუთი დასჭირდა. თანაც, ის შეხვედრა, რომლის დროსაც ბელგიელმა ორი მატჩ პოინტი მოიგერია, ორი დღე გაიწელა.

„ჩემთვის ეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო. წინ ეტაპებზე ორი ურთულესი თამაში ჩავატარე, ორი მატჩ პოინტი მოვიგერიე. ამიტომ მიხარია, რომ ამჯერად საქმეს ორ სეტში მოვრჩი. ვფიქრობ, ახლა გაცილებით უკეთ ვტამაშობ, ვიდრე თუნდაც რამდნმე დღით ადრე“, - განაცხადა მერტენსმა.

პირველ სეტში მერტენსმა ბრეიკს მეოთხე გეიმში მიაღწია და 5-3-ზე, სეტის მოგებაზე აწოდებდა. მაგრამ მე-15 ნომრად განთესილმა კერბერმა, გადამწყვეტ მომენტში საპასუხო ბრეიკი აიღო. და მაინც, 24-ე ნომრად განთესილმა მერტენსმა, უკვე მომდევნო გეიმშივე კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება (გეიმი მშრალად მოიგო) და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის მერვე გეიმში, 34 წლის კერბერმა ბრეიკი აიღო და 5-3 დაწინაურდა. მაგრამ როგორც მალე გაირკვა, ეს ამ თამაშში, მის მიერ მოგებული ბოლო გეიმი აღმოჩნდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, უპირატესობა თავის მოწოდებაზე გაუშვა ხელიდან. მის მიერ შესრულებული დარტყმის შემდეგ, ბურთი ბადემ მოიგერია და მერტენსმა საპასუხო ბრეიკს მიაღწია.

საინტერესოა, რომ მერტენსმა, ვინც შარშან უიმბლდონის წყვილთა ტიტული მოიპოვა, დიდი სლემის მე-18 ტურნირზე შეძლო მინიმუმ მესამე წრეში თამაში. საუკეთესო შედეგი კი ავსტრალიის 2018 წლის ღია პირველობაზე ჰქონდა, როდესაც ნახევარფინალში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122753