კალათბურთი

0:06 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ კალათბურთში ცუდი დღეებიც არსებობს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკრაინასთან მატჩი (66:79) შეაფასა.

ბერძენმა მწვრთნელმა თქვა, რომ მისმა გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და უკრაინის ნაკრებმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.

„პირველ რიგში ვულოცავ უკრაინას გამარჯვებას. მათ გამარჯვება დაიმსახურეს, რადგან ჩვენზე კარგად ითამაშეს. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ, კონცენტრაციის ნაკლებობა იყო, ბევრი შეცდომა დავუშვით შეტევაში და დაცვაშიც. იყო სხვა პატარა მიზეზებიც, მატჩის წინ ერთი კალათბურთელი გამოგვაკლდა. ეს ერთი ცუდი თამაში იყო, წინ გრძელი ზაფხულია და ახლა კონცენტრაცია ესპანეთთან თამაშზე უნდა მოვახდინოთ, რომელსაც საკუთარ მოედანზე ჩავატარებთ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც პირველიდან ბოლო წამამდე გვქომაგობდნენ. მჯერა ჩემი მოთამაშეების, ეს მხოლოდ ერთი ცუდი თამაში იყო, კალათბურთი ასეთია, არსებობს კარგი და ცუდი დღეები. ვაგრძელებთ ერთად დგომას, მუშაობას და ბრძოლას. მატჩის წინ გახურებისას ბითაძემ ფეხი იტკინა და გადავწყვიტეთ, რომ რისკზე არ წავსულიყავით. იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია“, - თქვა ზუროსმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემაც გააკეთა:

„საშინლად დავიწყეთ და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც ოდესმე ჩაგვიტარებია. მთავარია, ამ გაკვეთილისგან ვისწავლოთ. ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, გულშემატკივრებისთვის და ასეთი თამაში მიუღებელია. ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ წინ ბევრი მატჩია და ვეცდებით, რომ ესპანეთთან უკეთ ვითამაშოთ“, - აღნიშნა სანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 4 ივლისს, თბილისში, ახალ დარბაზში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს და პირველ შესარჩევ ეტაპს დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152066