სხვა

3:18 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუპლანტისმა ღია არენების მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

შვედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა არმანდ დუპლანტისმა, ბრილიანტის ლიგის სტოკჰოლმის (შვედეთი) შეხვედრაზე ასპარეზობისას, ღია არენების მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ის ჭოკით 6.16 მეტრის სიმაღლეზე დადებულ თამასას გადაევლო.

ამგვარად, მან წინა რეკორდი, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა, 1 სანტიმეტრით გააუმჯობესა. ცნობისათვის, ღია და დახურული არენებისთვის მსოფლიო რეკორდი 6.20 მეტრია და ისიც დუპლანტისს ეკუთვნის. შესაბამისად, ის დახურულ არენაზეა დამყარებული.

22 წლის მხტომელმა შეჯიბრი იოლად მოიგო, რის შემდეგაც რეკორდული სიმაღლე მოითხოვა. მან ეს სიმაღლე მეორე ცდაზე დაძლია, რითაც მაყურებელი აღტაცებული დატოვა.

„ჩემთვის ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა. შეჯიბრს ჩემი ოჯახი და ყველა ის ადამიანი ესწრებოდა, ვინც ჩემთან ახლოსაა. ჩემს გამოსვლას შვედები ესწრებოდნენ, რომლებსაც ჩემით სიამაყის საბაბი მივეცი“, - განაცხადა დუპლანტისმა.

სტოკჰოლმში გამოსვლას გეგმავდა 100 მეტრზე სპრინტში ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი მარსელ ჯეკობსი, ვისთვისაც ეს ბრილიანტის ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ტურნირი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაყურებელმა ის კვლავ ვერ იხილა.

ჯეკობსის არყოფნით ისარგებლა სამხრეთაფრიკელმა აკანი სიმბინემ და ფინიში პირველმა (10.02 წამში) გადაკვეთა.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ეს ბრილიანტის ლიგის ბოლო შეხვედრა იყო. ამიტომ მასზე გამოსვლისგან, ბევრმა ვარკვლავმა თავი შეიკავა. ისინი ტრავმებს და გადაღლას მოერიდნენ. მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ის ქალაქ იუჯინში (შტატი ორეგონი) გაიმართება და ის სტარტს 15 ივლისს აიღებს.

0.143022