ფეხბურთი

12:20 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი პოლონეთშია და სამედიცინო შემოწმებას გაივლის

გიორგი წიტაიშვილმა შვეიცარიაში კიევის „დინამოს“ შეკრება დატოვა და პოლონეთში ჩავიდა. ინფორმაციას პოლონურ პრესაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გიორგი პოლონეთის ჩემპიონ „ლეხში“ გადადის და პოლონეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა. ასე რომ, დამაბრკოლებელი ფაქტორები პრაქტიკულად არ არსებობს და სულ მალე ქართველი „ლეხის“ ფეხბურთელი უნდა გახდეს.

წიტაიშვილი პოლონეთის მოქმედ ჩემპიონს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და მისი ხელფასიც ცნობილია - წელიწადში დაახლოებით 350 ათასი ევრო. ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგის კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ფიფას გამონაკლისი წესებით, კლუბის დატოვება შეუძლია, რადგან უკრაინიდან წასვლა ფეხბურთელებს 2023 წლის ზაფხულამდე ნებაყოფლობით შეუძლიათ. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ამჟამად შვეიცარიაში „დინამოსთან“ ერთად წინასასეზონო შეკრებაზე იყო და ერთ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარით ჯერ „ჩერნომორეცში“ და შემდეგ კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა, რომლის მაისურით 7 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გიორგის საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 10 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11424