ჩოგბურთი

3:23 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ბარიერი ნადალმაც გადალახა

რაფაელ ნადალმაც უიმბლდონზე თავისი კამპანია მოგებით დაიწყო. ესპანელმა ჩოგბურთელმა 6-4, 6-3, 3-6, 6-4 დაამარცხა რეიტინგში 41-ე ადგილზე მყოფი არგენტინელი ფრანცისკო ჩერუნდოლო.

36 წლის ნადალს, ვინც ტურნირზე მეორე ნომრით თამაშობს, უიმბლდონზე 2019 წლის შემდეგ არ უთამაშია. და ტრავმის გამო, მოსამზადებელი ეტაპიც არ გაუვლია. ამის შედგი ის იყო, რომ ორი სეტის მოგების შემდეგ, ესპანელმა შეცდომებს უხშირა და ჩერუნდოლოს მცირე იმედი გაუჩნდა - ერთი სეტი მოიგო.

„ეს ის საფარი არაა, რომელზეც ჩვენ ხშირად თამაში გვიწევს. მე კი ამ სამ წელიწადში, ბალახზე ფეხიც არ დამიდგამს. ამიტომ, აქ ყოველი დღე გამოცდა იქნება“, - ყვება ნადალი, ვისაც პირველი ორი სეტის მოგება არ გასჭირვებია.

23 წლის ჩერუნდლომ რეიტინგის პირველ ასეულში თებერვალში შეაღწია და დიდი მიღწევებით არ გამოირჩევა. მისთვის ასეთ მიღწევად, შეიძლება მესამე სეტი ჩაითვალოს. უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი მან მძლავრი და რაც მტავარია, ზუსტი ფორჰენდებით დაბომბა. ნადალს თავდაცვაზე გადასვლამ მოუწია, მაგრამ მეტოქის შეტევებს ვერ გაუძლო.

უფრო მეტიც, არგენტინელმა მეოთხე სეტიც ბრეიკით დაიწყო, რამაც მას ახალი ენერგია შთაბერა. მაგრამ ნადალი მებრძოლია და ამან გართულება თავიდან აარიდებინა. მან საქმეში თავისი მდიდარი გამოცდილებაც ჩართო და ჩერუნდოლოს სეტებში ანგარიშის გათანაბრების საშუალება აღარ მისცა. ორჯერ შეძლო მისი მოწოდების აღება და პირველი წრე გადალახა. მეორეში ნადალს ლიეტუველ რიკარდას ბერანკისთან მოუწევს თამაში.

0.124246