ფეხბურთი

23:05 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ვალენსიას" ბევრი მეკარე ჰყავს, სილესენის წასვლა კლუბისთვის ორმაგად სასარგებლო იქნება"

2022-2023 წლების სეზონის წინ მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისი ახლოვდება და ესპანური მედია წერს, რომ „ვალენსიაში“ ჯენარო გატუზოს იგივე პრობლემა ექნება, რაც ხოსე ბორდალასს ჰქონდა.

„ღამურების“ რიგებში ამჟამად 4 მეკარე ირიცხება, რაც გამოცემა Castellonplaza-სთვის ბევრია. აღნიშნული ვებგვერდი წერს, რომ „ვალენსიას“ მეკარე დაუბალანსებელია, რადგან ზოგ პოზიციაზე ფეხბურთელების რაოდენობა საკმარისი არაა, ხოლო ზოგ პოზიციაზე პირიქით - გადაჭარბებულია. ასეთია მეკარის პოზიციაც, რადგან გუნდში 4 მეკარის ყოლა ბევრია.

წყაროს თანახმად, „ვალენსიასთვის“ იასპერ სილესენის გაყიდვა ორმაგად მომგებიანი იქნება, რადგან ნიდერლანდელი დიდ ხელფასს გამოიმუშავებს და მისი წასვლით კლუბი ფინანსურ ფეარ პლეის დაარეგულირებს, გარდა იმისა, რომ გუნდში მეკარეების ზედმეტი რაოდენობის პრობლემაც მოიხსნება.

„ვალენსიას“ დატოვება სილესენსაც უნდა, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და ლუის ვან გაალმა მას უთხრა, რომ პირველ მეკარედ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. თუმცა, ისევ და ისევ მაღალი ხელფასის გამო სილესენისთვის ახალი კლუბის პოვნა ადვილი არ იქნება.

ყოველ შემთხვევაში, „ვალენსია“ მზადებას 4 მეკარით დაიწყებს (გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო), სატრანსფერო პერიოდში კი შესაძლოა, რომელიმე მეკარეს წასვლა მოუწიოს. თუმცა, ეს არ ეხება მამარდაშვილს, რომელთანაც კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილია.

0.114505