საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მიიღოს.
როგორც ფარიკაობის ფედერაცია იტყობინება, მათ ბიუჯეტში არ არის თანხა, რითაც ივლისში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ეგვიპტეში გაიმართება, გაემგზავრებიან.
„ფინანსური პრობლემების გამო, წლის უმნიშვნელოვანეს შეჯიბრზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოფარიკავეების გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეგვიპტის დედაქალაქში გასამართ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მხოლოდ 17 დღე დარჩა! საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ბიუჯეტში კი თანხა, რომელიც კაიროში გასამგზავრებლად და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად არის საჭირო, უბრალოდ არ არის!“, - წერია ფედერაციის განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატმა უნდა გადაწყვიტოს ვინ დაასრულებს სეზონს რეიტინგის ლიდერის რანგში - ქართველი სანდრო ბაზაძე თუ უნგრელი არონ შილაგი.