ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა 100 მეტრზე სპრინტში, მარსელ ჯეკობსმა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც აშშ-ის ქალაქ იუჯინში (შტატი ორეგონი) ჩატარდება, იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
27 წლის სპრინტერი, ტრავმის შემდეგ, საუკეთესო ფორმაში არაა. ფინლში მან ასი მეტრი 10.12 წამში გაირბინა და მხოლოდ 0.04 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ჩიტურუ ალის. ჯეკობსს უკეთესი შედეგები არც წინასწარ გარბენებში ჰქონდა - ჰიტებში მისი საუკეთესო დრო 10.17 წამი იყო.
ჯეკობსმა წლის დასაწყიში, დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი მოიპოვა. 100 მეტრზე კი ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ, იტალიის ქალაქ სავონაში იასპარეზა, სადაც ასევე მოიგო, მაგრამა ტრავმაც მიიღო. და ამის გამო, აქამდ აღარსად გამოსულა.
„კონკურენტუნარიანობის დასაბრუნებლად, ეს ძალიან გამომადგება. ას მეტრზე სრულყოფილად სირბილს ჯერ ვერ ვახერხებ. განსაკუთრებით გამიჭირდა ერთ საათში ორ გარბენში მონაწილეობა. ვარჯიშებზე საშუალო ტემპში სირბილი მიწევდა და ეს ჩემს შედეგზეც აისახა“, - განაცხადა ჯეკობსმა. მისივე თქმით, დისტანციის მიწურულს ტემპი დააგდო, რათა ძალა დაეზოგა და ტრავმის გამეორება გამოერიცხა.
ამერიკაში გამგზავრებამდე, ჯეკობსი სტოკჰოლმში გამოვა. იუჯინში კი მსოფლიო ჩემპიონატი 15 ივლისს დაიწყება.