უეინ რუნიმ „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ინგლისელმა თავად დაადასტურა.
„დღეს კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდი და ჩემი გადაწყვეტილება ვაცნობე. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი გააკეთეს ჩემს გადასარწმუნებლად, მაგრამ მე არჩევანი უკვე გავაკეთე“, - თქვა რუნიმ.
უეინ რუნი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა სწორედ „დერბიში“ დაასრულა, მთავარ მწვრთნელად 2021 წლის იანვრიდან მუშაობდა. გასულ სეზონში „დერბი“ ჩემპიონშიფიდან გავარდა, მაგრამ 21 ქულა ჰქონდა დაკლებული. რომ არა ეს სანქცია, კლუბი არ დაქვეითდებოდა. 37 წლის ინგლისელ სპეციალისტს მწვრთნელად სხვა გუნდში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.