ფეხბურთი

20:40 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

10 საკვანძო მომენტი ზინედინ ზიდანის ეპოქალური კარიერიდან

გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ფეხბურთში ეს წესი არ მოქმედებს. ფეხბურთს უხდება დავა და განხილვა. ვინ სჯობდა, პელე თუ მარადონა, კრიშტიანუ თუ მესი, რონალდო თუ ვან ბასტენი, კრუიფი თუ პლატინი...

ალბათ არ არსებობს კრიტერიუმი, რითაც ერთი მეორეზე წინ დადგება ან პირიქით, საბოლოოდ, ყველაფერს მაინც გემოვნებასთან მივყავართ. ბევრი დიდი მოთამაშე ვახსენეთ და არ დაგვიწყებია ერთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად მათ გვერდით დგას - ზინედინ ზიდანი.

ალბათ, არ არსებობს ფეხბურთის გურმანი, რომელიც ფრანგის თამაშით არ აღფრთოვანებულა და მის სიდიადეს არ აღიარებს. ზიდანი განსხვავებულად თამაშობდა, სხვა მანერა და სხვა ქარიზმა ჰქონდა. ზინედინი დღეს 50 წლის გახდა და ვეცდებით, რომ მისი საფეხბურთო კარიერიდან 10 საკვანძო მომენტი გავიხსენოთ, რომელიც სხვათა შორის, ასევე გემოვნების საკითხია.

ყველას არ ახსოვს ლიზარაზუ-ზიდანი-დიუგარის სამკუთხედი. 90-იანი წლების შუაში „ბორდო“ შესანიშნავი გუნდი იყო და „ზიზუმ“ „კანში“ კარიერის დაწყების შემდეგ კარიერა იქ გააგრძელა, სადაც პირველ წარმატებებს მიაღწია. მან მოიგო ინტერტოტოს თასი 8 მატჩში გატანილი 5 გოლით, ერთი წლის შემდეგ კი უეფას თასის ფინალში დამარცხდა „ბაიერნთან“, მაგრამ მეოთხედფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „მილანი“ გამოთიშა ასპარეზობას.

1996 წლის ზაფხულში იტალიაში გადავიდა, ლიპის „იუვენტუსმა“ მასში 7.5 მილიარდი იტალიური ლირა გადაიხადა (დაახლოებით 5 მილიონი დოლარი). მან ტურინში პირველივე სეზონში მოიგო სკუდეტო, საკონინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი, მაგრამ ფინალში კიდევ ერთხელ დამარცხდა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ისევ გერმანულ გუნდთან - „დორტმუნდთან“. ასევე წააგო მომდევნო სეზონში კიდევ ერთი ფინალი თავის მომავალ გუნდ მადრიდის „რეალთან“. თუმცა, „იუვეში“ გატარებული პერიოდი ძალიან წარმატებული იყო, სადაც სკუდეტო და იტალიის სუპერთასი კიდევ ერთხელ მოიგო.

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიოს ერთ-ერთ კაშკაშა მოთამაშედ იქცა. ფინალში, რომელშიც საფრანგეთმა ფავორიტი ბრაზილია 3:0 დაამარცხა, დუბლი შეასრულა და ორივე გოლი თავით გაიტანა. ალბათ, ეს იყო ზიდანის კარიერის მწვერვალი, რომელიც დასტურდება არცთუ უმნიშვნელო ინდივიდუალური ჯილდოთი.

1998 წლის მიწურულს „ოქროს ბურთი“ მოიგო, რასთანაც 2000 წელსაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ვერ მოიგო, რომ იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩებში წითელი ბარათები მიიღო.

საფრანგეთის ნაკრებმა ასევე მოიგო ევრო 2000, ფინალში მათ იტალია დავიდ ტრეზეგეს ოქროს გოლით დაამარცხეს. ზიდანი იმ ნაკრების უპირობო ლიდერი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა, რაც მოგვიანებით მხოლოდ ესპანეთმა გაიმეორა (2008-2010).

2001 წელს მადრიდის „რეალში“ სარეკორდო 72 მილიონ დოლარად გადავიდა და საბოლოოდ მოიგო ნანატრი ჩემპიონთა ლიგა, თუმცა არა ტრივიალური გზით. „ლევერკუზენთან“ ფინალში მარცხენა ფლანგიდან რობერტო კარლოსის ჩაწოდების შემდეგ ზიდანმა ისტორიაში ერთ-ერთი საკულტო გოლი გაიტანა, რითაც „რეალს“ თასი მოაგებინა.

ზიდანის გარდა, იმ წლებში „რეალს“ ნამდვილი გალაქტიკო ჰყავდა და ამით თუ ვიმსჯელებთ, ფრანგს მადრიდში გატარებულ 5 წელიწადში ბევრი ტიტული არ მოუგია - ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი, საკონინენტთაშორისო თასი თითოჯერ და ორჯერ ესპანეთის სუპერთასი. ალბათ, იმ „რეალს“ მეტი შეეძლო.

მსოფლიოს 2002 წლის და ევროპის 2004 წლის ჩემპიონატი საფრანგეთისთვის ორი ფიასკოთი დასრულდა. 2006 წელს კი, საფრანგეთმა მუნდიალიც ძალიან ცუდად დაიწყო, ჯგუფიდან მხოლოდ ბოლო ტურში გააღწია, მაგრამ პლეი-ოფში სრულყოფილ მანქანად გადაიქცა. ზიდანი ესპანეთთან, პორტუგალიასთან და განსაკუთრებით ბრაზილიასთან წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობდა. ფინალში მან იტალიასთანაც გაიტანა პენალტით, „პანენკას“ სტილში, მაგრამ მარკო მატერაციმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პენალტების სერიაში საფრანგეთი დამარცხდა, კაპიტნის გარეშე...

ალბათ, პრაქტიკულად ერთადერთი ჩრდილი (თუმცა, ვისთვის როგორ, და მაინც, გუნდი დააღალატა გადამწყვეტ მომენტში) ბრწყინვალე კარიერაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მარკო მატერაცისთვის თავის დარტყმაა, რაც კარიერის ბოლო ოფიციალურ მატჩში გაძევების ფასად დაუჯდა. სამაგიეროდ, "ზიზუ" ასე უფრო ეფექტურად წავიდა, ხმაურიანად და განსხვავებულად.

მთლიანობაში ზიდანმა მოედანზე სხვაგვარი მოგონება დატოვა, ალბათ, ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული. მისი კარიერის შედევრალურ მატჩად ვირჩევთ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიასთან შეხვედრას, რომელიც ფრანგებმა 1:0 მოიგეს ტიერი ანრის გოლით და ზიდანის საგოლე პასით. ეს იყო 90 წუთი, რამაც დედამიწაზე დააბრუნა ისეთი არაამქვეყნიური ფეხბურთელები, როგორებიც რონალდინიო, რონალდო, კაკა, რობერტო კარლოსი, კაფუ, დიდა, ლუსიო, ჟუნინიო იყვნენ და ბრაზილიელები იმ მუნდიალის უპირობო ფავორიტად განიხილებოდნენ. ეს ერთგვარი დე ჟავუც იყო, გავიხსენოთ, რა მოხდა 1998 წლის მუნდიალის ფინალში...

0.117845