ფეხბურთი

18:27 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიუდიგერი: "ჩემთვის გამორჩეული დღეა, "რეალში" თამაშს მოუთმენლად ველოდები"

მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რიუდიგერი წარადგინა და გერმანელ მცველს 22-ნომრიანი მაისური გადასცეს. 29 წლის ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის გამორჩეული დღეა.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან განსაკუთრებული დღეა. პირველ რიგში მადლობა ჩემს მშობლებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე, რასაც მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, აქ არ ვიქნებოდი. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა „რეალის“ პრეზიდენტს, რომ მომცა საშუალება ამ დიდებულ კლუბში მეთამაშა. ყველას ვპირდები, რომ ყველაფერს გავიღებ და მინდა, ყველა ტიტული მოვიგო. აქ მთავარი გამარჯვებაა, რაც წლების განმავლობაში დამტკიცდა, როცა „რეალმა“ ბევრი ტიტული მოიგო.

ნორმალურია, რომ „რეალის“ მსგავს კლუბს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდეს, მაგრამ მე ძალიან თავდაჯერებული ვარ და კონკურენცია არ მაშინებს. მოუთმენლად ველოდები თამაშს და დიდი ენთუზიაზმით აღსავსე ვარ. ანჩელოტის ვესაუბრე და მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს. ის შესანიშნავი მწვრთნელია, ჩემი არჩევანის მიზეზი ანჩელოტიც იყო. ცხადია, „რეალში“ კონკურენცია რთულია, მაგრამ ამისთვის მზად ვარ.

„ჩემთვის სხვადასხვა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა მშვენიერია. გერმანიაში ძალიან ფიზიკური ფეხბურთია, იტალიაში ტაქტიკურად გამორჩეული, ინგლისში ინტენსიური, ხოლო ესპანეთში ტექნიკური. „ბარსელონა“? დიახ, მართალია, იყო „ბარსელონას“ ინტერესი, მაგრამ ჩემს ძმას ვუთხარი: „ან „რეალი“, ან არაფერი!“ მბაპე? მას არ ვიცნობ, მაგრამ ნამდვილად არ მესმის როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას და ეს მისი არჩევანია“, - თქვა რიუდიგერმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდიგერმა მადრიდის „რეალთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

0.129733