ესპანეთის ლა ლიგის 2022-2023 წლების სეზონი სრულად დაკომპლექტდა და მისი ბოლო, მეოცე მონაწილე გაირკვა - „ჟირონა“.
მიჩელის გუნდმა ლა ლიგა 2-ის პლეი-ოფის ფინალში „ტენერიფე“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. ამ გუნდების პირველი თამაში ერთი კვირის წინ ჟირონაში 0:0 დასრულდა, ხოლო ამჯერად „ტენერიფემ“ შინ 1:3 წააგო და დიდი ხნის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნების შანსი გაანიავა.
„ჟირონა“ კი ლა ლიგაში ისტორიაში მესამედ ითამაშებს. აქამდე მხოლოდ ორი სეზონი აქვს გატარებული ესპანეთის ელიტარულ დივიზიონში. ეს 2017-2019 წლებში იყო. მაშინ ჟირონელთა ლიდერი ურუგვაელი კრისტიან სტუანი გახლდათ, რომელმაც ლა ლიგის იმ ორ სეზონში ჯამში 40 გოლი გაიტანა. სიმბოლურია, რომ ახლაც, „ჟირონას“ ლიდერი და ბომბარდირი ისევ სტუანი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლა ლიგის საგზური პირდაპირ რეგულარული სეზონიდან მოიპოვეს „ალმერიამ“ და „ვალიადოლიდმა“.