ჩოგბურთი

0:26 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერეტინიმ ქვინზის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო

იტალიელმა მატეო ბერეტინიმ ზედიზედ მეორედ მოიგო ქვინზის ტურნირი, რომლის ფინალშიც, სერბი ფილიპ კრაინოვიჩი 7-5, 6-4 დაამარცხა. მსოფლიოს მე-10 ჩოგნისთვის, ეს უიმბლდონის წინ შესანიშნავი ეტაპი იყო, კრაინოვიჩმა კი ATP-ს ტურზე მეხუთე ფინალში ითამაშა და მეხუთედაც დამარცხდა.

იტალიელს, ვინც ამ თვის დასაწყისში, ასევე შტუტგარტის ტურნირი მოიგო, ბალახზე ბოლო 21-დან 20 შეხვედრა აქვს მოგებული. ბოლოს ის მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან, უიმბლდონის შარშანდელ ფინალში დამარცხდა.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო და პირველი ათი გეიმის შემდეგ, ანგარიში 5-5 იყო. მაგრამ მე-11 გეიმში იტალიელმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და მომდევნოში ეს უპირატესობა სეტის მოგებად აქცია.

კრაინოვიჩმა მეორე სეტის მეექვსე გეიმში, გადამწყვეტ მომენტში ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ბერეტინიმ შეხვედრას წერტილი მეათე გეიმში, ეისით დაუსვა და კარიერაში მეშვიდე ტიტულს დაეუფლა.

ბერეტინი, ვინც მარტში მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა, სულ მერვე ჩოგბურთელია, ვინც პროფესიონალური ჩოგბურთის ეპოქაში, ქვინზის ჩემპიონი ზედიზედ გახდა. ეს ასევე შეძლეს: ამერიკელებმა ჯონ მაკინროიმ (ზედიზედ სამჯერ, სულ კი ოთხჯერ მოიგო) და ჯიმი კონორსმა (სულ სამჯერ), ჩეხმა ივან ლენდლმა, გერმანელმა ბორის ბეკერმა (სულ ოთხჯერ), ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა (ზედიზედ სამჯერ, სულ კი ოთხჯერ), ამერიკელმა ენდი როდიკმა (ზედიზედ სამჯერ, სულ კი ოთხჯერ) და ბრიტანელმა ენდი მარიმ (სულ ხუთჯერ).

0.131776