ფეხბურთი

21:30 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი გასულ სეზონზე, "ვალენსიაზე", საქართველოს ნაკრებსა და ჯენარო გატუზოზე (+VIDEO)
WORLDSPORT.GE-ს მცირე ინტერვიუ 21 წლის ქართველ მეკარესთან

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი შვებულებას საქართველოში ატარებს. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს WORLDSPORT.GE ესაუბრა. გიორგიმ ჩვენთან საუბარში გასული სეზონის შესახებ, მომავალი სეზონის მოლოდინზე, ჯენარო გატუზოსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

მამარდაშვილმა ასევე გვითხრა, რომ "ვალენსიასთან" 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მიმდინარე ზაფხულს კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

სეზონის შეფასება

„საბოლოო ჯამში გუნდისთვის წარმატებული სეზონი არ გამოვიდა, რადგან ევროთასებზე ვერ გავედით და ვერც თასის ფინალი მოვიგეთ. პირადად ჩემთვის ნორმალური სეზონი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დონეზე ჩემი პირველი სეზონი გახლდათ“.

თასის ფინალზე

„თასის ფინალი რთული სათამაშო იყო, რადგან ჩემთვის დიდი წნეხი იყო. ვერ მოვიგეთ და წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე“.

„ვალენსიას“ გულშემატკივრებსა და ხოსე ბორდალასზე

„ძალიან თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს ზოგადად ვალენსიაში, შესაბამისად, მათი მხარდაჭერა სტადიონზეც იგრძნობა და „მესტალიაზე“ ყოველთვის ძალიან მაგარი ატმოსფეროა. ხოსე ბორდალასაა მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ მენდო და მათამაშა, მომავალ კარიერაში კი წარმატებებს ვუსურვებ“.

ჯენარო გატუზოზე

„გიორგი ლორიასაც ვესაუბრე გატუზოზე და მითხრა, როგორი მწვრთნელია, რა სტილით თამაშობს. გარდა ამისა, გატუზომაც დამირეკა და ვისაუბრეთ. მითხრა, როგორი ტაქტიკით თამაშს აპირებს და პრესეზონზე როგორი ამხანაგური მატჩები გვაქვს დაგეგმილი“.

ახალი სეზონისგან მოლოდინი

„ველოდები, რომ კარგი გუნდი ვიქნებით, ისეთი, რომელიც ევროპა ლიგის ან კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლას მოახერხებს“.

გასული სეზონიდან გამორჩეული მატჩი

„ვინაიდან ჩემი პირველი სეზონი იყო, ჩემთვის ყველა მატჩი გამორჩეული გამოდგა, მაგრამ გამოვყოფ „რეალთან“, „ბარსელონასთან“, „ბილბაოსთან“ ლა ლიგისა და ესპანეთის თასის ნახევარფინალურ მატჩებს“.

ერთა ლიგასა და ეროვნულ ნაკრებზე

„ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩში პირველად ვითამაშე. მთლიანობაში კარგი შეკრება გამოვიდა, რადგან 10 ქულას ალბათ არავინ ელოდებოდა. კარგი იქნებოდა ბულგარეთთანაც მოგვეგო, მაგრამ რაღაც მიზეზები იყო, რის გამოც ვერ მოვიგეთ. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში ჩვენთვის მოტივაცია იყო, მაგრამ ამ გამარჯვებით ვერ ავინაზღაურებთ იმ მატჩს, რომელიც 2020 წელს წავაგეთ. სექტემბერში ჩვენი მიზანი ორივე მატჩის მოგება და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა (18 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლა ლიგამ სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. 21 წლის მეკარეს საქართველოს ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და ორჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

0.121144