საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რაგბი ევროპის მეორე, ბუდაპეშტის ეტაპზეც ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და თასის მეოთხედფინალში მეტოქედ კვლავ პორტუგალია ერგო.
ზაგრების ეტაპის შემდეგ გუნდს ტრავმების გამო ნათია გავაშელი და მარიამ ბერანძე დააკლდა, შევსების სახით კი ანა ხაბულიანი დაემატა და უნგერთში 12-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა.
რადგან ფინეთის ნაკრებში კოვიდი დაფიქსირდა, ის ტურნირიდან მოიხსნა და „ა“ ჯგუფის ყველა გუნდს, მათ შორის საქართველოს, მასთან 28:0 მოგება ჩაეთვალა. ამრიგად, ჯგუფურ ეტაპზე გოგონებს მხოლოდ ორი თამაშის ჩატარება მოუწიათ.
სასიამოვნოა, რომ ჩვენს 7-ქალას კიდევ ერთხელ მიეცა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, ინგლისთან თამაშის შესაძლებლობა. გამარჯვება ამჯერადაც მეტოქეს დარჩა, თუმცა სხვაობა ოდნავ მცირე იყო – 0:48.
ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად გოგონებს ისრაელის დამარცხება სჭირდებოდათ და ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, 5 ლელო გაიტანეს და 31:10 გაიმარჯვეს.
თასის მეოთხედფინალში საქართველოს მეტოქე პორტუგალია იქნება, ისევე, როგორც ზაგრებში, ერთი კვირის წინ გუნდებმა 3-3 ლელო გაიტანეს, თუმცა მეტოქემ ერთით მეტი ზუსტი გარდასახვა შეასრულა და მაშინ 19:17 იმარჯვა. ახლა გოგონებს რევანშის შესაძლებლობა ექნებათ. შეხვედრა საქართველოს დროით 13:56 საათზე დაიწყება.
7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის მეორე, ბუდაპეშტის ეტაპზესალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი, კაპ.), ლიკა ხუფენია (ზუგიდი), სალომე საღარაძე (ხობი), ლიკა პერტაია (დარჩელი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა ხაბულიანი (ლოკომოტივი).
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
RUGBY.GE