ას მეტრზე სპრინტში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა ლამონტ მარსელ ჯეკობსმა კუნთის ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში განაახლა. ამ ტრავმის გამო, მან უკვე გამოტოვა ბრილიანტის ლიგის იუჯინის, ტომის და ოსლოს შეხვედრები.
ჯეკობსმა ეს ტრავმა მაისში, ქალაქ სავონაში ასპარეზობის დროს მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად, 100 მეტრზე სპრინტში მაინც გაიმარჯვა. ახლახანს მან სადიაგნოსტიკო ტესტები გაიარა, რის შემდეგაც, ექიმებმა ვარჯიშის განახლების უფლება მისცეს.
„ექიმების პროგნოზით, ყველაფერი კარგადაა. რაც მთავარია, ათლეტს ვარჯიშის უფლება მისცეს“, - ნათქვამია იტალიის მძლეოსნობის ფედერაციის განცხადებაში.
ჯეკობსი პირველი იტალიელია, ვინც 100 მეტრზე სპრინტში, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თავისი ისტორიული გამარჯვება მან ტოკიოს ოლიმპიადაზე, შარშან მოიპოვა. ფინალში მან ფინიშს 9.80 წამში მიაღწია, რაც ევროპის რეკორდია. შემდეგ კი თანაგუნდელებთან ერთად, მეორე ოქრო, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.
27 წლის სპრინტერი იმედოვნებს, რომ ფორმაში მსოფლიო ჩემპიონატამდე შევა, რომელსაც ივლისში იუჯინი (შტატი ორეგონი) უმასპინძლებს.