‘შავმა ლომმა’ ქარის თასის რეგულარული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ფლეი ოფში მეოთხე პოზიციით გავიდა. შედეგად, ნახევარფინალში ის 17 ივნისს, საქართველოს დროით 17 საათზე ერთპიროვნულ ლიდერს და ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს ‘გრიფონსს’ ეთამაშება.
რეალურად, ჩვენი გუნდი უფრო მაღალ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო, სამხრეთ აფრიკაში ორი შეხვედრა გაუცდა და მათში გამარჯვება მეტოქეებს ჩაეთვალა. მათ შორის იყო ‘გრიფონსი’, რომელთანაც ძალებს ახლა მოვსინჯავთ.
მიზეზთა გამო, სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრა და გუნდის ხელმძღვანელობა დისტანციურად მოუწია მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს, რომელიც ქარის თასის პირველ სეზონს და იქ მიღებულ გამოცდილებას აფასებს:
„ზოგადად, სამხრეთ აფრიკაში ვერ წასვლით დისკომფორტი შეიქმნა. ძალიან ძნელია ყოველდღიურ რეჟიმში დისტანციურად მუშაობა. მიუხედავად ყველაფრისა, მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, რადგან ივლისის ტესტების წინ ჩვენთვის ეს ტურნირი უმნიშვნელოვანესია“.
„ტურნირის ორგანიზებით და ცალკეული კლუბების (ყველა კლუბს არ ეხება) დამოკიდებულებით, პროფესიონალიზმის ნაკლებობით ჩვენც უკმაყოფილონი ვართ. თამაშებს ახლდა აგრესიული ფონი, რაც სამხრეთ აფრიკული რაგბისთვის დამახასიათებელია და ჩარჩოებში მოქცეული, ეს რაგბს უხდება კიდეც, თუმცა ხშირი იყო უსიმოვნებები. არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, თუმცა მთელ რიგ ეპიზოდებში მათი გადაწყვეტილებები კრიტიკას ვერ უძლებდა. სწორედ მსაჯების და მოთამაშეების არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი“.
„ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევებში ასეთ პროვოკაციებს თავი კარგად გაართვეს. გავარჩიეთ სანდრო მამამთავრიშვილის ეპიზოდი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა კონფლიქტისთვის თავის არიდება, თუმცა მეტოქე მას უკნიდან რამდენჯერმე ურტყამს ხელს და ამას მოყვება რეაქცია. საპასუხოდ მსაჯმა სანდროს მისცა წითელი ბარათი და ამას 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოყვა. ასეთი ეპიზოდებისგან თავის არიდება მნიშვნელოვანია, რადგან წინ სანაკრებო თამაშები გველის. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ მეორე ჩასვლაზე ჩატარებულმა 4-მა თამაშმა (და მანამდე ორმა) განსხვავებული, მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგვძინა“.
„ვნახეთ რა ფასად დაგვიჯდა ერთ თამაშში მეტოქის შეუფასებლობა. გარდა ამისა, ყველა გუნდთან სერიოზული ბრძოლები გვქონდა. ვეთამაშეთ განსხვავებული სტილის გუნდებს. ყველა მათგანი რაქში იყო აგრესიული და სწრაფად თამაშობდა ხაზით, რაც ‘შავი ლომისთვის’ საინტერესო იყო. მსგავსი ტიპის თამაშების გამოცდილება არ გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ზეწოლა, წნეხი, მსაჯებისგანაც და მოთამაშეებისგანაც, არასწორი და ბინძური მომენტები, მოთმინების გამოცდის კარგი გაკვეთილი იყო, რისთვისაც პასუხს თამაშით ვცემდით. ეს იყო გამოცდილება, რომლის მსგავსიც ბიჭებს აქამდე არასდროს ქონიათ“.
„მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის ასე დიდი ხნით ქვეყნის გარეთ ყოფნაც პრობლემაა, თუმცა ესეც საინტერესო გამოცდილებაა მენტალური თვალსაზრისით. კარგია, რომ ნახევარფინალში ქარის თასის უძლიერეს გუნდთან გვიწევს თამაში. ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასია, რადგან მისი დასრულების შემდეგ სანაკრებო მოთამაშეების ნაწილი შინ ბრუნდება, რათა ადგილზე გააგრძელონ მზადება ივლისის ტესტებისთვის“.
„რაც შეეხება მოთამაშეებს, ბევრ მათგანს მიეცა საკმარისი სათამაშო დრო, რისი საშუალებაც აქამდე არ გვქონია. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მიხეილ ბაბუნაშვილით, რომელმაც ყველა თამაში მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარა. ლუკა მატკავას ქარის თასზე მიეცა ხასიათის გამოვლენის შესაძლებლობა. მას გარკვეულ ნიუანსებზე ბევრი აქვს სამუშაო, თუმცა მთლიანობაში დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა. ტრავმების შემდეგ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მიეცა ლაშა ლომიძეს. აქტიური იყო თენგიზ ზამთარაძე, რომელმაც ყველა თამაშზე თავი კარგად წარმოაჩინა. კარგი იყო ნიკა აბულაძე, რომელსაც ტრავმის გამო პირველ წრეში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა“.
„ამ ტურნირზე გვქონდა ექსპერიმენტების შესაძლებლობაც და რამდენიმე პოზიციური ცვლილება განვახორციელეთ, რამაც კარგი შედეგი მოგვცა. დემე თაფლაძე კარგი ცენტრია, ის ფრთაზეც გამოვცადეთ და იქაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სანაკრებო თამაშებში რისკის გაწევა ჭირს, აქ კი მირიან მოდებაძემ ფულბეკად ითამაშა და მიუხედავად შეცდომებისა, მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს სწორედ ის ტურნირია, სადაც რისკის უფლება გვაქვს, რის შემდეგაც გვაქვს ანალიზი და სამომავლოდ ნაკრებს ესეც წაადგება“.
„ქარის თასი სანაკრებო მოთამაშეებისთვისაც კარგი გამოცდილება იყო. გვყავს 5-6 ისეთი მოთამაშე, რომელთაც 1000 წუთზე მეტი სათამაშო დრო დაუგროვდათ. იმ მორაგბეებსაც, რომელთაც ტრავმის გამო თამაშები ვერ მივეცით, უკვე საკმარისი სათამაშო დრო დაუგროვდათ და ეს ძალიან კარგია სანაკრებო თამაშების წინ“.
rugby.ge