ტურ დე ფრანსის წინ, კრიტერიუმ დუ დოფინის ერთკვირიანი რბოლა, ვლომრბოლებისთვის ერთ-ერთი ბოლო გამოცდაა. და ეს გამოცდა საუკეთესოდ, სწორედ ფრანგული ველომარათონის ფავორიტმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა მოიგო.
დოფინის რბოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონს, ასევე სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს და „ინეოს გრენადერსის“ ლიდერებს, რომლებიც შვეიცარიის ტურზე იასპარეზებენ. მათი არყოფნისას კი, „ჯუმბო-ვისმას“ ლიდერმა, თანაგუნდელების შემწეობით, მეტოქეებს მოგების შანსი არ დაუტოვა.
ბოლო, მერვე ეტაპზე, როგლიჩი და მისი დანიელი თანაგუნდელი, იონას ვინგეგაარდ რასმუსენი, მოწინავეთა ჯგუფში აღმოჩნდნენ. როგლიჩი რბოლის ლიდერი იყო და მის ამოცანას მხოლოდ მეტოქეთა გაკონტროლება წარმოადგენდა, რაც მას არ გასჭირვებია.
უფრო მეტიც, ფინიშის წინ მათ ყველა ჩამოიტოვეს და როგლიჩმა მადლობის ნიშნად, რამუსენი წინ გაუშვა. მათ ფინიში ხელი ხელ ჩაკიდებულებმა გადალახეს. ამ მოგებით, დანიელმა მრბოლმა რვადღიანი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, გამარჯვება კი როგლიჩმა მოიპოვა.
„ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი გამარჯვება. დღეს მთელმა გუნდმა მოიგო, რომელმაც დასაწყისიდანვე შესანიშნავად იმუშავა. იონასი ბოლო აღმართზე ძალიან ძლიერი იყო. როგორც ხედავთ, კარგად ვართ მომზადებული, რაც თავდაჯერებაზე დადებითად მოქმედებს. ცოტა მეტსაც წავივარჯიშებთ და ტურისთვის მზად ვიქნებით“, - განაცხადა როგლიჩმა.
ტურ დე ფრანსი 1-24 ივლისს გაიმართება.