ფეხბურთი

1:10 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლორია: "ეს ოთხი თამაში ალბათ მიანიშნებს იმაზე, რომ სწორ გზაზე ვართ"

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ბულგარეთთან მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთლიანობაში ამ ოთხ მატჩში 10 ქულას ალბათ ბევრი არ ელოდა და განვლილი ოთხი თამაში დადებითად შეაფასა.

„ძალიან მძიმე თამაში იყო იმის გათვალისწინებით, რომ მოკლე დროში მოგვიწია ოთხი თამაშის ჩატარება და დაღლილობა იგრძნობოდა, რადგან სეზონის ბოლოა. თუმცა, საერთო ჯამში 10 ქულას ცოტა თუ ელოდა. დადებითად უნდა შეფასდეს შედეგიც და თამაშიც. გასვლით თამაშებში ასეთი დამაჯერებელი მოგებები და ასეთი მოლოდინი, მიანიშნებს იმაზე, რომ ალბათ სწორ გზაზე ვდგავართ. ბულგარეთის ნაკრები მხოლოდ დაცვაზე იყო ორიენტირებული და 90 წუთი მხოლოდ თავს იცავდა. ბოლოს როდის გაივსო ასე სტადიონი არ მახსოვს. მინდა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადო დაფასებისთვის, მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ იმედია, იმედგაცრუებულები არ არიან და კიდევ ერთხელ მათ დიდი მადლობა“, - თქვა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.

0.126919