ფეხბურთი

0:30 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ბოლო ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა, მაგრამ 4 თამაშში 10 ქულა ცუდი არაა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბულგარეთთან მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდებთან, რომლებიც დაცვაში თამაშობენ, თითოეულ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ნაკრების პრობლემა ამჯერად ბოლო ფაზაში სიზუსტე იყო.

„ძალიან მარტივი მეტოქეები არ გვყავს, ჩვენ ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ვფიქრობ, ოთხ თამაშში 10 ქულა ცუდი შედეგი არაა. მთავარი მისია ჯერ შეგვისრულებია, სექტემბრისთვის ძალიან მაგრად უნდა მოვემზადოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა გავინაღდოთ.

გულშემატკივრებზე საუბარი ზედმეტია. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მოვიდა. დღეს, ბოლო ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასეთ გუნდებთან, რომლებიც დაცვაში დგანან, ერთი მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა მეტი ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით.

"ნაპოლის" როდის შევუერთდები? ჯერ ზუსტად არ ვიცი, ივლისში შეკრება იწყება და იქ ვიქნები“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.

0.113918