ფეხბურთი

22:59 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მესმის იმედგაცრუება, მაგრამ 4 ტურში 10 ქულაზე თავიდან ყველა თანახმა იქნებოდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან (0:0) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდს დაღლილობა დაეტყო, რის გამოც ვერ მოახერხა ისეთი ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება, როგორიც წინა მატჩებში აჩვენა.

თუმცა, სანიოლი ფიქრობს, რომ ოთხ ტურში 10 ქულის მოპოვება ძალიან კარგი შედეგია და ტურნირის დაწყებამდე ამაზე ყველა თანახმა იქნებოდა.

„ბოლო ორ კვირაში 4 წაუგებელი მატჩი გვქონდა, მაგრამ ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე უკმაყოფილოები ვართ. ერთი თვის წინ ამ თამაშებიდან 10 ქულას ალბათ არავინ ელოდა. უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ეს 4 მატჩი, არამედ ოქტომბრიდან გამართული 9 მატჩი, საიდანაც 7 მოვიგეთ და 7 შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ვფიქრობ, რომ ეს სასწაული შედეგია. ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მომთხოვნი მწვრთნელი ვარ და ყველაფერზე ფეხბურთელებმა დადებითად მიპასუხეს, მეტ-ნაკლებად კარგად შეასრულეს ჩემი დავალებები და აქედან გამომდინარე, დღეს თავში მხოლოდ დადებითი აზრები მიტრიალებს.

ბულგარეთს 90 წუთში საგოლე მომენტი არ შეუქმნია. განსაკუთრებით დაცვის ხაზით ვართ კმაყოფილი, მათ ნამდვილად მაღალ დონეზე ითამაშეს. ცვლილებების გაკეთება მჭიდრო კალენდრიდან გამომდინარე აუცილებელი იყო. ჩვენი ინტენსივობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამორჩეული იყო წამყვან გუნდებთან შედარებითაც კი. ყველა ბოლომდე დაიხარჯა, ეს ეხება ფეხბურთელებს, მწვრთნელებსაც, პერსონალსაც და ყველას. რა თქმა უნდა, როდესაც რამდენიმე ცვლილებას ახორციელებ, შეიძლება თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე ეს აუცილებელი იყო.

საბა ლობჟანიძეს ბოლო წუთებშიც კარგი მომენტი ჰქონდა და გადავწყვიტე, რომ ოთარ კაკაბაძე არ ჩამერთო თამაშში. ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დაღლილი იყო, მაგრამ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება ასეთი გახლდათ და თუ სწორი არ იყო, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

გიბრალტართან მატჩთან შედარებით სულ სხვა სიტუაცია იყო. ასე ვთქვათ, ბოლოს საწვავი გაგვითავდა. ფიზიკურმა მომზადებამ ცოტა გვიმტყუნა, ამის მიუხედავად საგოლე მომენტები გვქონდა, პირველ წუთებში მსაჯმა პენალტი არ დაგვინიშნა. ორი კვირის წინ თუ ვიტყოდით, რომ ამ ოთხ თამაშში 10 ქულა ავიღებდით და მაინც ცოტა უკმაყოფილო დავრჩებოდით, ვფიქრობ, ამაზე ყველა ხელს მოაწერდა. ჩემთვის სასიამოვნოც კი არის, რომ არის ასპექტები, რითაც უკმაყოფილო ვარ, რადგან ეს ნიშნავს, რომ რაღაცის გამოსწორება შეგვიძლია და სექტემბერში მომდევნო თამაშებს დიდი მოლოდინით ველოდებით.

როგორც არაერთხელ ვთქვი, შეუძლებელია 10 დღეში 4 მატჩის ერთი და იგივე შემადგენლობით ჩატარება. მე გამაჩნია იდეალური შემადგენლობა, თუმცა, ინტენსიური ფორმატია და კარგია ის, რომ ცვლილებების მიუხედავად არ დაგვიკარგავს ჩვენი სქემა, იდენტობა და ჩვენი თამაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნაკრებში ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ამ შეკრებაზე 29 ფეხბურთელი მყავდა, რომელთაც მე შემიძლია თანაბრად ვენდო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ თამაშობს, ზოგი - ნაკლებად. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ.

დღეს პრობლემა არა მხოლოდ მომენტების გამოუყენებლობა იყო, არამედ ბურთი საკმაოდ ნელა მოძრაობდა, ამიტომ, ვერ შევძელით ისეთი ხარისხიანი მომენტების შექმნა, როგორც წინა მატჩებში. რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, მასზე გუშინაც ვისაუბრე, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. არ დაგავიწყდეთ, რომ თავიდან ის არ იყო განაცხადში და შემდეგ გიორგი ქვილითაიას ნაცვლად გამოვიძახე. ეს გამოცდილება მას აუცილებლად წაადგება.

დიახ, მე ყოველთვის მაქვს გონებაში 11 ფეხბურთელი, რომელიც ძირითადში იქნება, მაგრამ ვიმეორებ, მჭიდრო ფორმატიდან გამომდინარე ცვლილებები საჭირო იყო. ზოგჯერ ეს ცვლილებები მუშაობს, ზოგჯერ არა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ენერგიის ნაკლებობა იყო. ვატყობ, რომ ბევრი თქვენგანი დღეს იმედგაცრუებულია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ოთხ მატჩში 10 ქულა მოვიპოვეთ და ეს ძალიან კარგია შედეგია, ამიტომ, გუნდს აუცილებლად მივულოცოთ. გულშემატკივარმა გუნდს მხარი ბოლომდე დაუჭირა და დარწმუნებული ვარ, სექტემბერში, როდესაც სტადიონი კვლავ შეივსება, გუნდი დასვენებული, უფრო მეტი ენერგიით გავა მოედანზე, უკეთეს და უფრო ენერგიულ თამაშს ვაჩვენებთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ მეოთხე ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისში კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც დღეს გიბრალტარი იოლად დაამარცხა და 7 ქულით მეორე ადგილზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ დამარცხებულია. ეს შესანიშნავი სერია 9 მატჩს ითვლის - 7 მოგება, 2 ფრე.

0.067305